რუსეთმა მინიმუმ 2 ბატალიონი და C-300 სისტემები სირიიდან უკრაინაში გაგზავნა - NYT

პუბლიკა

ამერიკული გამოცემა New York Times წერს, რომ რუსეთმა სირიაში სამხედრო კონტინგენტი შეამცირა და სამხედროები უკრაინაში გაგზავნა. პერსონალთან ერთად უკრაინაში გაგზავნეს საჰაერო თავდაცვის სისტემებიც.

სამ დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით New York Times წერს, რომ რუსეთმა სირიიდან მინიმუმ 2 ბატალიონი გადაიყვანა, 1200-დან 1600 ჯარისკაცამდე. თუმცა ერთ-ერთი წყარო იმასაც ამბობს, რომ მათი რაოდენობა რეალურად გაცილებით მეტია. გამოცემის ინფორმაციით, სირიიდან, სავარაუდოდ, სამხედრო მეთაურებიც გაიყვანეს.

სირიაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, როგორც NYT წერს, შეიძლება კიდევ უფრო საყურადღებო იყოს, რომ რუსეთს სირიიდან გაქვს C-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებიც. რუსული მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემების სირიაში ყოფნა ისრაელისთვის ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი მიზეზი იყო.

ისრაელს ხშირად მიაქვს საჰაერო იერიშები სირიის სამთავრობო ძალებისა და სირიაში მდებარე ირანის სამხედრო ობიექტებზე, რუსული საჰაერო თავდაცვის აქტიურობა კი მას მუდამ რისკს უქმნიდა. როგორც გამოცემა წერს, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის მიმართ ისრაელის თავშეკავებული პოზიციისაც. ისრაელში შიშობდნენ, რომ უკრაინის მხარდაჭერის შემთხვევაში მათი თვითმფრინავები რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების სამიზნედ იქცეოდნენ.

სირიიდან სამხედრო პერსონალის უკრაინაში გაგზავნის შესახებ ინფორმაცია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რამდენჯერმე გავრცელდა. New York Times წერს, რომ ეს ნაბიჯი იმაზეც მიუთითებს, თუ რამდენად გამოიფიტა უკრაინაში შეჭრილი რუსული არმია.