რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის რეგიონის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველს, ნადიმ ხმალაძეს დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. ინფორმაციას რუსული მედია პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის პროკურატურა ამტკიცებს, რომ ხმალაძე სხვადასხვა შეიარაღებული ფორმირების შემადგენლობაში მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში ქალაქ ირპენში, გოსტომელში, ბუჩაში, ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლების, ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ.
რუსეთის გამოძიების მტკიცებით, ნადიმ ხმალაძემ, როგორც „დაქირავებულმა“, მიიღო ანაზღაურება 745 ათასი რუბლის ოდენობით.
2022 წელს ნადიმ ხმალაძემ თქვა, რომ რუსეთმა ქალაქ გოსტომელში მებრძოლები მოწამლა, ამის შემდეგ ის ჯერ უკრაინაში მკურნალობდა, შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდა.