რუსეთმა Nord Stream 1-ის მუშაობა გაურკვეველი ვადით შეაჩერა

პუბლიკა

რუსეთმა დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების შემდეგ Nord Stream 1 გაზსადენის მუშაობა არ აღადგინა. ევროპა რუსული გაზის მთავარი წყაროდან ბუნებრივ აირს უკვე რამდენიმე დღეა ვერ იღებს და შიშობენ, რომ რუსეთი გაზით ევროპის ქვეყნებზე ზეწოლას შეეცდება.

რუსული სახელმწიფო კომპანია Gazprom-ის განცხადებით, გაზსადენის აღდგენა პრობლემების გამო ვერ ხერხდება. ერთ-ერთ კომპრესორის სადგურს პრობლემა შეექმნა, რის გამოც გაზსადენის მუშაობა გაურკვეველი დროით შეჩერდა.

„სანამ დანადგარების ოპერაციული პრობლემები არ გადაიჭრება, Nord Stream-ის გაზის მილსადენი მთლიანად შეჩერებული იქნება“, – აცხადებს Gazprom.

Nord Stream 1-ის მეშვეობით ევროპამ რუსული გაზის 35% მიიღო გასულ წელს, ის ევროპაში რუსული ბუნებრივი აირის მთავარი გამტარია. გაზსადენი ბალტიის ზღვით რუსეთსა და გერმანიას აკავშირებს.

თუმცა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირება ენერგორესურსებთან დაკავშირებითაც გამწვავდა. ივნისიდან მოყოლებული, Gazprom-მა გაზსადენის დატვირთვა მისი შესაძლებლობების 20%-მდე შეამცირა, მას შემდეგ, რაც დასავლეთის სანქციებში მოჰყვა კანადაში სარემონტო სამუშაოებისთვის გადატანილი ერთ-ერთი ტურბინა. ივლისში კი გაზსადენის მუშაობა რამდენიმე დღით სრულიად შეწყდა.

Gazprom-ის გუშინდელი განცხადება „დიდი შვიდეულის“ გადაწყვეტილებას დაემთხვა, რომ რუსული ნავთობის საფასურზე გარკვეული ჭერი დაწესებულიყო. რითაც „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ცდილობენ რუსეთს ნავთობიდან მიღებული შემოსავალი შეუზღუდონ. ნავთობის საფასურის შეზღუდვაზე მსჯელობის დაწყებისთანავე მოსკოვში დასავლეთს დაემუქრნენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილების შემთხვევაში თავადაც გადადგამდნენ გარკვეულ ნაბიჯებს.