რუსეთმა ოდესაში აზერბაიჯანული SOCAR-ის ნავთობის საცავი დაბომბა, რამაც ხანძარი გამოიწვია

პუბლიკა

18 აგვისტოს ღამეს რუსებმა აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ის ნავთობტერმინალებზე დრონებით საჰაერო იერიში მიიტანა. დაბომბვამ მასშტაბური ხანძარი გამოიწვია.

ინფორმაციას ამის შესახებ ოდესის ოლქის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი, ოდესის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელი  და უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადიგილე ავრცელებენ.

„მიუხედავად საჰაერო თავდაცვის ძალების აქტიური მუშაობისა, ოდესის რეგიონში რუსულ საჰაერო დარტყმებს შედეგები მოჰყვა. ოდესის გარეუბანში, საწვავისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის ობიექტსა და ორსართულიან შენობაში ხანძარი გაჩნდა. მაშველებმა ძლიერი ცეცხლი სწრაფად ჩააქრეს”. – განაცადა ოლეგ კიპერმა.

უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, გუნდუზ მამედოვმა განაცხადა, რომ თავდასხმა აზერბაიჯანული ნავთობკომპანია „სოკარის“ ნავთობტერმინალზე განხორციელდა.

როგორც „უკრაინსკაია პრავდას“ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში განუცხადეს, SOCAR-ს რუსეთი თავს 10 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა.

ეს SOCAR-ზე პირველი რუსული თავდასხმა არ არის – 2025 წლის 8 აგვისტოს ღამეს რუსეთმა ოდესის ოლქში SOCAR-ის ნავთობის ბაზაზე „შაჰიდის” ტიპის დრონებით მიიტანა იერიში, რამაც ასევე გამოიწვია ხანძარი და დააზიანა დიზელის საწვავის მილსადენი.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრი სიბიჰამ აზერბაიჯანს მოუწოდა, რეაგირება მოახდინოს რუსეთის მხრიდან განხორციელებულ აღნიშნულ იერიშზე.

„მოსკოვი ამას განზრახ აკეთებს, ის იქცევა აზერბაიჯანის ინტერესების წინააღმდეგ”. – დაწერა მან X-ზე.