რუსეთმა საქართველოს კომპენსაცია უპირობოდ უნდა გადაუხადოს - იუსტიციის სამინისტრო „დეპორტირებულების საქმეზე“

პუბლიკა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ „დეპორტირებულების საქმეზე“ რუსეთისათვის დაკისრებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხის გადახდა არის უპირობო ვალდებულება. ხოლო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა შეშფოთება გამოთქვა, რომ ამის მიუხედავად მოპასუხე სახელმწიფოს ამ დრომდე არ გადაუხდია დაკისრებული თანხა.

26 თებერვალს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რუსეთი ეძებს გზებს“, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაცია საქართველოს არ გადაუხადოს.

გამოცემა „ვედომოსტის“ მიხედვით, რუსეთის ხელისუფლებამ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მიაწოდა ინფორმაცია, რომ „სერიოზული პრობლემები“ შეექმნათ გადაწყვეტილების აღსრულებისას.

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს კომპენსაციის გადახდა 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის საქმეზე დააკისრა. რუსეთის ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ საქართველოს უნდა შეექმნა მექანიზმი დაზარალებული მოქალაქეებისთვის კომპენსაციის განსაზღვრისა და განაწილებისთვის, რადგან მათი პოზიციით, კომპენსაციას იღებენ ცალკეული ადამიანები და არა სახელმწიფო.

„ამ შემთხვევაში, ხელისუფლება მხოლოდ ოპერატორის ფუნქციას ასრულებს“, – წერს „ვედომოსტი“.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კი განმარტავს, რომ 2019 წლის დეკემბერში განმეორებით გაკეთებულ შეფასებაში, კომიტეტმა გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს მოუწოდა კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს საქართველოსთვის დაუყოვნებლივ და უპირობო გადახდისკენ.

მინისტრთა კომიტეტმა გამოხატა წუხილი იმის თაობაზე, რომ რუსეთის დელეგაცია ცდილობს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ევროპული სასამართლოს მიერ განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურის თანმიმდევრობა, რაც უპირველესად გულისხმობს რუსეთის ფედერაციის მიერ კომპენსაციის გადახდას“, – აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.

უწყების ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, კომიტეტმა დააკმაყოფილა საქართველოს მოთხოვნა და „დეპორტირებულების საქმეზე“ ხელახალი დებატები უახლოეს სხდომაზე, 2020 წლის მარტში ჩანიშნა.