რუსეთმა უკრაინას 29 რაკეტა და 28 „შაჰიდი" ესროლა, უკრაინამ რუსეთის ნავთობის საცავებს შეუტია

პუბლიკა

24 მარტის ღამეს რუსეთმა უკრაინას 29 რაკეტა და 28 დრონი „შაჰიდი” ესროლა – ჯამში 57 აპარატი. უკრაინის განცხადებით, მათ შეძლეს, ჩამოეგდოთ 43.

ბოლო ოთხი დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაზე მესამე მასობრივი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. მათ შორის, სამიზნე იყო დედაქალაქი კიევიც. კიევში მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა.

რუსმა ოკუპანტებმა ლვოვის მიმართულებით გაისროლეს 20 რაკეტა და 7 კამიკაძე დრონი. დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა.

“ბრძოლის შედეგად 43 საჰაერო მიზანი განადგურდა: 18 ფრთოსანი რაკეტა და შაჰიდის ტიპის 25 დრონი დნეპროპეტროვსკის, ხერსონის, ნიკოლაევის, ოდესის, სუმის, კიევის, ვოლინისა და ლვოვის რეგიონებში”. – ნათქვამია უკრაინის საჰარო თავდაცვის ძალების განცხადებაში.

23 მარტს უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობის საცავებზე მიიტანა იერიში. მედიის ცნობით, სამიზნე, სულ მცირე, 3 საცავი იყო. სამარას რეგიონში თავდასხმამ ცეცხლიც გააჩინა.

გუბერნატორ ვლიაჩისლავ გლადკოვის თქმით, 23 მარტის ღამით უკრაინის მიერ დრონებით შეტევამ ბელგოროდზე 1 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაიჭრა 2 ადამიანი. რუსი ჩინოვნიკის თქმით, უკრაინამ შეტევა 12 დრონით განახორციელა ბრაიანსკზე, ბელგოროდსა და ვორონეჟზე. სამივე ეს ქალაქი ესაზღვრება უკრაინას.