რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, უკრაინაში მებრძოლ ქართველს, თორნიკე გოგუაძეს რუსეთის სასამართლომ დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის საერთაშორისო ძებნილთა სიაშია.
„გამოძიებამ და სასამართლომ დაადგინა, რომ 2022 წლის მარტში გოგუაძე უკრაინის ტერიტორიაზე ჩავიდა და დაქირავებულ მებრძოლად შეუერთდა პარამილიტარულ ფორმირებას, გაიარა სამხედრო წვრთნები და შემდეგ მონაწილეობა მიიღო დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებისა და რუსი სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში. შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მეომრის რანგში მონაწილეობისთვის გოგუაძე ყოველთვიურად ფულად ჯილდოს იღებდა”, – წერია განცხადებაში.
ინფორმაციის მიხედვით, თორნიკე გოგუაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში (დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში).