დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთის სახმელეთო ძალები კვლავ აქტიურად ცდილობენ სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ალყაში მოქცევას და პოპასნაიას ჩრდილო-დასავლეთით რამდენიმე დასახლების დაკავებაც შეძლეს.
ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, რუსეთის ზეწოლის მიუხედავად, უკრაინელები მრავალი მიმართულებით ინარჩუნებენ პოზიციებს.
ასევე, ბრიტანული დაზვერვა აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, რუსეთმა უკრაინის სამხრეთ ფრონტზე მოძველებული რუსული ტანკებიც გადაისროლა.
„გასულ დღეებში რუსეთმა, სავარაუდოდ, რეზერვებიდან გამოყვანილი 50 წლის წინანდელი T-62 ტიპის ტანკებიც გადაისროლა უკრაინაში რუსული სამხრეთის დაჯგუფების მხარდასაჭერად.
უდიდესი ალბათობით, T-62 მარტივი სამიზნე გახდება ტანკსაწინააღმდეგო იარაღისთვის და მათი გამოჩენა ფრონტის ხაზზე მიუთითებს, რამდენად მოაკლდა რუსეთს თანამედროვე, ბრძოლისთვის გამოსადეგი შეიარაღება“, – აცხადებს ბრიტანული დაზვერვა.