რუსეთმა უკრაინაზე კიდევ ერთი მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანა

პუბლიკა

რუსეთმა კიდევ ერთხელ სცადა უკრაინის კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის და სამოქალაქო ობიექტების განადგურება.

უკრაინის წინააღმდეგ რუსულმა ძალებმა ტრადიციული მეთოდით წამოიწყეს მორიგი სარაკეტო იერიში. თავდაპირველად, წუხელ რუსეთი უკრაინას თავს ირანული წარმოების დრონებით დაესხა, რომელსაც შავი ზღვიდან „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები მოჰყვა. დღეს კი რუსული სტრატეგიული ავიაცია ფრთოსანი და სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტებითაც უტევს უკრაინას.

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. უკრაინული მედიის ინფორმაციით, აფეთქების ხმები გაისმა კიევის, პოლტავის, ლვივის და ივანო-ფრანკივი ოლქებში, ასევე დაიბომბა ხარკივი და ზაპორიჟია.

კიევში აცხადებენ, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვა მუშაობს და ცდილობს სარაკეტო იერიშს მოგერიებას. აფეთქებების ნაწილი შესაძლოა, სწორედ განადგურებულ რაკეტებს უკავშირდებოდეს.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, კიევში საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევები ერთ-ერთ სახლსა და მანქანას დაეცა, რომლებიც დააზიანა. თუმცა მსხვერპლი არ მოჰყოლია.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ დროებით შეწყდეს ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის მიწოდება ზოგიერთ რეგიონში.

რუსეთისა და ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე რეგიონები – ხარკივი და ზაპორიჟია რუსულმა არმიამ C-300 ტიპის სისტემებიდან საზენიტო რაკეტებითაც დაბომბა, რომელიც საჰაერო სამიზნეების განადგურებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა მისი სახმელეთო ობიექტების განადგურების მიზნით გამოყენებაც დაიწყო.

უკრაინის საჰაერო ძალების პრესსპიკერის იური იგნატის თქმით, რუსეთმა დღეს უკრაინის წინააღმდეგ C-300 ტიპის სისტემებიდან 30-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.