რუსეთმა უკრაინაზე კიდევ ერთი სარაკეტო იერიში მიიტანა

პუბლიკა

დღეს დილით რუსეთმა უკრაინაზე კიდევ ერთი სარაკეტო იერიში მიიტანა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ფრთოსანი რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით რუსულმა არმიამ უკრაინის ქალაქებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაბომბა.

აფეთქებები მოხდა უკრაინის დედაქალაქში, კიევის მიერის ვიტალი კლიჩკოს თქმით, რუსებმა კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული ობიექტი დაბომბეს, აფეთქებისგან გამოწვეული ზიანისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია უცნობია.

რუსებმა იერიში მიიტანეს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურაზე ჟიტომირის ოლქშიც. ჟიტომირის მერის განცხადებით, დაიბომბა ელექტროსადგური, რის გამოც ქალაქი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ენერგეტიკული ობიექტი გახდა სამიზნე დნიპროშიც. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტროენერგია შეუწყდა ქალაქის ნაწილს.

ხარკივში კი რუსებმა სამრეწველო ობიექტი დაბომბეს. აფეთქებები ისმოდა კრივიი-რიჰშიც. ასევე დაიბომბა მიკოლაივიც, სადაც რაკეტა საცხოვრებელ კორპუსსაც დაეცა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის დაწყების შემდეგ ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ კი რაკეტების ნაწილის ჩამოყრა შეძლო. მედიაში ერთ-ერთი ფრთოსანი რაკეტის განადგურების ვიდეოკადრებიც ვრცელდება.