რუსეთმა უკრაინაზე კვლავ მასობრივი შეტევა განახორციელა.
აფეთქებების შესახებ იტყობინება ოდესის, დნეპროპეტროვსკის, ვოლინის, ივანო-ფრანკოვსკის, ზაპოროჟიესა და ლვოვის ხელმძღვანელობა.
ვოლინის ქალაქ ლუცკში საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. დაიღუპა ერთი ადამიანი.
პოლტავას რაიონში დაზიანდა სამრეწველო ობიექტი, დაშავდა ხუთი ადამიანი.
ერთი ადამიანი დაიღუპა რუსეთის დილის თავდასხმის შედეგად ზაპოროჟიეს რეგიონში, კიდევ ერთი – დნეპროპეტროვსკის ოლქში.
სარაკეტო თავდასხმის შემდეგ მთელ უკრაინაში ელექტრომომარაგების პრობლემა წარმოიშვა. „უკრენერგომ“ ელექტროენერგიის გადაუდებელი შეწყვეტის ბრძანება გასცა.
კიევში რამდენიმე უბანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე კი წყალმომარაგების შეფერხებებია.
ელექტროენერგია გაითიშა ლვოვისა და ნიკოლაევის რაიონებშიც. უკრაინის რკინიგზა სარეზერვო დიზელის ლოკომოტივების იყენებს, ამის შედეგად საქალაქთაშორისო მატარებლები აგრძელებენ მოძრაობას გრაფიკის მიხედვით, მაგრამ შეფერხებით მოძრაობს ელექტრომატარებლები.
პარალელურად უკრაინის ხელისუფლება იტყობინება, რომ უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ვოლგოგრადის რეგიონში სამიზნეებზე თავდასხმა სცადეს. „ელანსკის რაიონში ორი უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი და ორი არასაცხოვრებელი შენობა. არავინ დაშავებულა”, – აცხადებს რეგიონის გუბერნატორი, ანდრეი ბოჩაროვი.
„როიტერის” ცნობით, კრამატორსკზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა მათი უსაფრთხოების მრჩეველი, 2 ჟურნალისტი კი დაშავდა. ისინი სასტუმროში იმყოფებოდნენ, რუსეთმა სწორედ სასტუმრო დაბომბა.