რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასობრივი შეტევა მიიტანა

პუბლიკა

რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანა.

რაკეტების უმეტესობა უკრაინის დედაქალაქზე იყო გასროლილი. კიევში 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი.

„რუსეთმა ღამით მომაკვდინებელი თავდასხმების მასიური ტალღა წამოიწყო უკრაინაზე 90-ზე მეტი რაკეტისა და ირანული წარმოების 60 თვითმფრინავის გამოყენებით”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, ათმა რუსულმა Tu-95MS ბომბდამშენმა რაკეტები გაუშვა, რომლებიც უკრაინის საზღვრებს კიევის დროით დილის ოთხი საათის შემდეგ მიაღწიეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამის თავდასხმის დროს 31 რაკეტა ჩამოაგდეს. უკრაინის სამხედროები წერენ, რომ რუსეთის არმიამ გამოიყენა 29 Kh-101/Kh-555 საკრუიზო რაკეტა.

კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქის შევჩენკოვსკის რაიონში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა და ცეცხლი გაუჩნდა კერძო სახლს. მრავალსართულიანი შენობის დაზიანება დაფიქსირდა სვიატოშინსკის რაიონშიც.

გარდა ამისა, პოდოლსკის რაიონში ნამსხვრევები არასაცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზე დაეცა, ხანძარი გაჩნდა არასაცხოვრებელი შენობის სახურავზე, ასევე ცეცხლი გაუჩნდა ტრანსფორმატორ სადგურს.

„მსოფლიო მაქსიმალურად ნათლად ხედავს რუსი ტერორისტების სამიზნეებს: ელექტროსადგურებს და ენერგომომარაგების ხაზებს, ჰიდროელექტროსადგურებს, ჩვეულებრივ საცხოვრებელ შენობებს, თუნდაც ტროლეიბუსებს. რუსეთი ხალხის ჩვეულებრივ ცხოვრებას ებრძვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოითხოვა მეტი დასავლური იარაღი.