რუსეთმა უკრაინის დასახლებულ პუნქტებზე საჰაერო იერიში მიიტანა, არიან დაღუპულები

პუბლიკა

გასულ ღამეს, წინა ღამის მსგავსად, რუსეთმა უკრაინის დასახლებულ პუნქტებზე საჰაერო იერიში მიიტანა.

ოფიციალური პირების ცნობით, პარასკევის შემდეგ უკრაინაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და 56 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა მხოლოდ კიევის წინააღმდეგ 250 დრონი და 14 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რამაც საცხოვრებელ შენობებში ხანძარი გამოიწვია.

გუშინ ღამის თავდასხმის შემდეგ ხმელნიცკის ოლქის ადმინისტრაცია იუწყება ოთხი დაღუპულის, ხუთი დაშავებულის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ.

„დაინგრა ექვსი საცხოვრებელი შენობა, დაზიანდა — 20-ზე მეტი. ასევე დაზიანდა საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფანჯრები“. – აცხადებს რეგიონული ხელისუფლება.

კიევის სხვადასხვა რაიონში არის ნგრევა და ხანძარი, დაზიანდა ბიზნეს ცენტრი, საერთო საცხოვრებელი და 2 სკოლა. დაშავდა 11 ადამიანი.

კიევის რეგიონში 3 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.

ნიკოლაივის ოლქზე რუსულ თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა ხუთი.

რუსულ თავდასხმას აფეთქებები და ხანძრები ასევე მოჰყვა ოდესის, ხარკოვის, ჩერნიგივის, ტერნოპოლის, სუმის, დნეპროპეტროვსკის, ჟიტომირისა და ჩერკასის რეგიონებში. დაშავებულთა საერთო რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არსებობს.