რუსეთმა უკრაინის ქალაქი სუმი დაბომბა - არიან დაღუპულები

პუბლიკა

რუსეთმა უკრაინის ქალაქი სუმი დაბომბა, არიან დაღუპულებიც – ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის მერის მოვალეობის შემსრულებელზე, არტემ კობზარზე დაყრდნობით ავრცელებს.

კობზარმა Telegram-ზე დაწერა, რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად „ბევრი მსხვერპლია. მტერმა კვლავ დაარტყა მშვიდობიან მოსახლეობას“.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია, სულ მცირე, 20 ადამიანი.

სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც აღნიშნა, რომ ამის გაკეთება მაშინ, როცა ხალხი ეკლესიაში მიდის და ბზობას აღნიშნავს, მხოლოდ „არამზადას“ შეეძლო.

მისივე თქმით, რუსეთი ომს აჭიანურებს და საჭიროა მასზე ზეწოლა, რომ აგრესია შეჩერდეს.

„მტრის სარაკეტო თავდასხმა იმ დღეს მოხდა, როდესაც ხალხი ეკლესიაში მიდის ბზობას, უფლის იერუსალიმში შესვლის დღესასწაულზე, მხოლოდ არამზადას შეეძლო ამის გაკეთება.

ჩვეულებრივი ადამიანების სიცოცხლის წართმევა. ვუსამძიმრებ ოჯახებს და მეგობრებს. ამჟამად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ყველა საჭირო სამსახური მუშაობს.

მსოფლიოს მხრიდან მკაცრი რეაგირებაა საჭირო. ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპა, მსოფლიოში ყველა, ვისაც სურს ამ ომისა და მკვლელობების დასრულება. რუსეთს სწორედ ასეთი  ტერორი უნდა და ამ ომს აჭიანურებს. აგრესორზე ზეწოლის გარეშე მშვიდობა შეუძლებელია. ლაპარაკს არასდროს შეუჩერებია ბალისტიკური რაკეტები და საჰაერო ბომბები. ჩვენ გვჭირდება რუსეთის მიმართ ისეთი დამოკიდებულება, როგორსაც ტერორისტი იმსახურებს. მადლობა ყველას, ვინც უკრაინაშია და გვეხმარება სიცოცხლის დაცვაში”, – აცხადებს ზელენსკი.