რუსეთმა უკრაინის საზღვრებს რამდენიმე მიმართულებიდან, მათ შორის, ბელარუსიდან შეუტია - კიევი

პუბლიკა

უკრაინის სასაზღვრო სამსახური აცხადებს, რომ პუტინმა უკრაინისადმი ომის გამოცხადების შემდეგ საჰაერო იერიშთან ერთად სახმელეთო შეტევაც წამოიწყო.

„დილის 05:00 საათიდან უკრინის სახელმწიფო საზღვარი გახდა შეტევის სამიზნე რუსი ჯარისკაცების მიერ რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის ტერიტორიებიდან“, – აცხადებს სასაზღვრო სამსახური.

უწყების მტკიცებით, იერიშები მიმდინარეობს ლუჰანსკის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიჰოვისა და ჟიტომირის რეგიონებში, ასევე ყირიმის ოკუპირებული ნახევარკუნძულიდან. შეტევის სამიზნე უკრაინის სასაზღვრო დაცვაა.

დღეს დილიდან რუსეთმა დაიწყო საჰაერო იერიშები არაერთი ქალაქის მიმართულებით, მათ შორის, აფეთქებები ისმის კიევშიც. უკრაინის პრეზიდენტმა ბოლოდიმერ ზელენსკიმ ხალხს სიმშვიდისა და სიმტკიცისკენ მოუწოდა და საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.