რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა

პუბლიკა

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დღეს მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა რამდენიმე ტალღად ათობით ფრთოსანი რაკეტა გაუშვა უკრაინული ქალაქების მიმართულებით. თავდასხმაში ჩართულია სტრატეგიული ავიაცია და შავი ზღვის ფლოტი. შესაძლოა, რაკეტების რაოდენობა 120-მდეც იყოს.

უკრიანული მედიის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემები აქტიურად მუშაობენ  კიევში, ოდესაში, ლვივსა და სხვა ქალაქებში. საჰაერო თავდაცვამ არაერთი რაკეტის ჩამოგდება შეძლო. კიევში ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევები კერძო სახლებს დაეცა, რასაც, სავარაუდოდ, მსხვერპლიც მოჰყვა. ჯერჯერობით, ზუსტდება ინფორმაცია, რამდენმა რაკეტამ მოახერხა მიზნამდე მიღწევა და რისი დაზიანება შეძლო.

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ დამუხტონ თავიანთი ტელეფონები და მოიმარაგონ წყალი, რადგან შეიძლება ელექტროენერგიის მომარაგება შეფერხდეს.

სარაკეტო იერიშის დაწყებამდე, წუხელ, რუსეთმა უკრაინაზე ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატებითაც მიიტანა იერიში, თუმცა უკრაინამ დრონების გაუვნებელყოფა მოახერხა.