აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუსეთმა უკვე მიიღო ირანისგან უპილოტო საფრენი აპარატები, რომელთა გამოყენებასაც უკრაინის წინააღმდეგ გეგმავს. ამის შესახებ CNN წერს.
გამოცემის მიხედვით, ირანული დრონების ნაწილი რუსეთში აგვისტოს შუა რიცხვებში სატრანსპორტო თვითმფრინავებით გადაიტანეს. თუმცა ამერიკული დაზვერვის შეფასებით, ირანულ დრონებს უკვე არაერთი ხარვეზი გამოუვლინდა.
CNN-ის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ირანულ უპილოტოებზე წვრთნები გასულ თვეში დაიწყეს და ირანთან უკვე ოფიციალურად მიღწეულია შეთანხმება „მოჰაჯერ-6-ის“, „შაჰიდ-129-ისა“ და „შაჰიდ-191-ის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების შესყიდვაზე. დრონებს უკვე საბრძოლო მიზნებისთვის ამზადებენ.
რუსეთის მიერ შეძენილი დრონები გამოიყენება როგორც სადაზვერვო დანიშნულებით, ისე შეტევითი ოპერაციებისთვის. როგორც ვაშინგტონში ვარაუდობდნენ, რუსეთი ასობით დრონის შეძენას გეგმავს უკრაინის სახმელეთო ძალების წინააღმდეგ იერიშებისთვის.
თუმცა იმის გამო, რომ ამერიკული დაზვერვის ცნობით, დრონებს არაერთი პრობლემა აღმოაჩნდათ, ვაშინგტონში ეჭვობენ, რამდენად შეძლებენ ისინი საომარ მოქმედებებში გარდატეხის შეტანას.