რუსეთმა ვერ მიაღწია მიზანს, ომმა ვერ შეუცვალა გეზი საქართველოს ევროპისკენ წინსვლაში - ზურაბიშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

„პატივს მივაგებთ ჩვენს გმირ მეომრებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც ჩვენი სამშობლოს დაცვას შეეწირნენ. სწორედ ჩვეული უტეხი სულისკვეთება იყო ჩვენი პასუხი 2008 წლის ომზე და დღესაც ჩვენი პასუხია – არშეგუება! როგორც მრავალჯერ თავისი ისტორიის მანძილზე, საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გააჩნია გადარჩენის უზარმაზარი ჟინი და ენერგია“, – წერს პრეზიდენტი.

ზურაბიშვილის განცხადებით, ოკუპაცია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უდიდესი ტკივილია და ამ ტრაგედიას ერთნაირად განიცდიან საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს.

„ყველას გვახსოვს, რომ ჩვენი, ოსებისა და აფხაზების ერთობა ათასწლეულებს ითვლის. გვახსოვს, რომ ჩვენ ერთი დიდი კულტურისა და საერთო კავკასიური ცივილიზაციის ნაწილი ვართ და ვინც ამ კულტურას, ამ ცივილიზაციას ებრძვის, ებრძვის არა მხოლოდ ჩვენს წარსულს, არამედ ცდილობს წაგვართვას ერთიანი მომავალიც. თუმცა ამაოდ!“ – აღნიშნავს ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ვერც ომმა, ვერც საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციამ და ვერც მოქალაქეების უფლებებისა და იდენტობის შელახვამ გავლენა ვერ მოახდინა საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე.

„რუსეთმა ვერ მიაღწია მიზანს, ომმა ვერ შეუცვალა გეზი საქართველოს, ვერ ააცდინა საკუთარ მიზანს, გამხდარიყო ღირსეული, ძლიერი, სტაბილური, დემოკრატიული, დამოუკიდებელი სახელმწიფო. არ შეჩერდა წინსვლა ევროპისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“, – ამბობს ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, ახლახან კოვიდთან ბრძოლაში ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი თვითშეგნება და დადო შედეგი! პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს და სხვა მრავალი წარმატება წარმოადგენს ტრაგედიასა და ომზე რეალურ, გრძელვადიან გამარჯვებას.

„მოთმინება და მშვიდობიანი გზის არჩევა არ ნიშნავს დავიწყებას ან შეგუებას. შერიგება, დაპირისპირების გადალახვა და წარსულიდან საერთო მომავლის კონტურების დასახვა ჩვენი მიზანია. რუსეთმა კი, უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გაიგოს, რომ ომით მოპოვებული ტერიტორია, ძალით ოკუპირებული და შიშით დატყვევებული მოსახლეობა რეგიონს ვერც სტაბილურობასა და ვერც კეთილდღეობას ვერ მოუტანს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიო გლობალური საფრთხეები დღეს ახალ მიდგომებს მოითხოვს და წარსულში ჩარჩენილი ძალმომრეობითი პოლიტიკა ანაქრონულია, რამეთუ უძლურია ამ გამოწვევების წინაშე “. ზურაბიშვილის თქმით, „თავისუფლებას, მშვიდობასა და სოლიდარობას ალტერნატივა არ გააჩნია!“.