რუსეთს მოუწევს პასუხისგება ბუჩაში ჩადენილი დანაშაულებისთვის - მსოფლიო ლიდერები

პუბლიკა

„რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს პასუხისგება ამ დანაშაულებისთვის“, – ასე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქალაქ ბუჩაში რუსეთის სამხედრო ძალების მიერ მოკლული მოქალაქეების ამსახველ სურათებს.

„ჩვენამდე მოღწეული სურათები ბუჩადან, კიევის მახლობლად განთავისუფლებული ქალაქიდან, შემზარავია. ქუჩებში ასობით მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეა. ჩემი თანაგრძნობა მსხვერპლთა მიმართ, სოლიდარობა უკრაინელებს. რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს პასუხისგება ამ დანაშაულებისთვის“, – განაცხადა მაკრონმა.

მომხდარს გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც. მისი თქმით, შემზარავია მშვიდობიანი მოქალაქეების, ქალების, ბავშვების და მოხუცების დახვრეტა.

„საშინელი და შემზარავი სურათები მოდის ჩვენამდე უკრაინიდან. დახვრიტეს მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ქალები, ბავშვები და მოხუცები ქალაქ ბუჩაში, რომელსაც რამდენიმე დღის წინ რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ“, – დაწერა twitter- ზე შოლცმა.

ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი წერს, რომ ევროკავშირი ეხმარება უკრაინას საერთაშორისო სასამართლოებში სარჩელებისთვის საჭირო მტკიცებულებების შეგროვებაში. მისი თქმით, ევროკავშირი შემდგომ სანქციებს ამზადებს.

„შოკირებული ვარ რუსეთის არმიის მიერ კიევის რეგიონში ჩადენილი სისასტიკის ამსახველი ფოტოებით. ევროკავშირი ეხმარება უკრაინას და არასამთავრობო ორგანიზაციებს საერთაშორისო სასამართლოებში სარჩელებისთვის საჭირო მტკიცებულებების შეგროვებაში.

შემდგომი სანქციები და ევროკავშირის მხარდაჭერა გზაშია. დიდება უკრაინას“, – წერს ის twitter-ზე.

„შემაძრწუნებელია ცნობები ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებიდან, რომლებსაც რუსეთი ტოვებს“, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი წერს.

მისი თქმით, საჭიროა დამოუკიდებელი გამოძიება. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ომის დანაშაულის ჩამდენი პასუხის აგებს.


კიევის გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩაში ოკუპანტების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრები იპოვეს. სოციალურ ქსელებში მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრების ამსახველი ფოტოები ვრცელდება.

ბუჩაში უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი რამდენიმე დღის წინ დაიბრუნეს. მანამდე ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.