რუსეთსა და დასავლეთს შორის ახალი „რკინის ფარდა“ ეშვება - ლავროვი

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთსა და დასავლეთს შორის ახალი „რკინის ფარდა“ ეშვება და პროცესი უკვე დაწყებულია. ამის შესახებ ლავროვმა ბელარუსში ვიზიტისას განაცხადა და მოუწოდა დასავლეთს, რომ „ფრთხილად მოიქცნენ“.

„რაც შეეხება რკინის ფარდას, ის პრაქტიკულად უკვე დაშვებულია“, – განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დასძენს, რომ ევროკავშირთან მოსკოვს 2014 წლის შემდეგ ფაქტობრივად ურთიერთობა აღარ აქვს. მისი თქმით, ამიერიდან მოსკოვი ვაშინგტონსა და ბრიუსელს აღარ ენდობა.

„ევროკავშირში საერთოდ არ სურთ, გაიგონ, რა არის ჩვენი ინტერესები. მათ აინტერესებს მხოლოდ ის, რაც ბრიუსელში გადაწყდება, ბრიუსელში კი ის გადაწყდება, რასაც ვაშინგტონი გადაწყვეტს“, – განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, დასავლეთის სანქციები რუსეთსა და ბელარუსს კიდევ უფრო მეტად აახლოებს და ორი ქვეყანა გაღრმავებული ინტეგრაციით სანქციების ნეგატიურ ეფექტს შეამსუბუქებს.