აშშ-ის პრეზიდენტსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ტრამპი-პუტინის საუბრის დასრულების შემდეგ პირველი კომენტარი რუსეთის პრეზიდენტმა გააკეთა. პუტინის თქმით, საუბარი 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და „ეს იყო ინფორმაციული, გულწრფელი და ძალიან სასარგებლო“.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა საუბრისას გამოთქვა თავისი პოზიცია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. თავის მხრივ, ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელია შესაბამისი შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაში.
პუტინის განცხადებით, რუსეთი მზადაა უკრაინასთან მემორანდუმზე იმუშაოს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას მოიცავს.
მისივე თქმით, რუსეთი მხარს უჭერს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, მაგრამ „საჭიროა მშვიდობისკენ სვლის ყველაზე ეფექტური გზების შემუშავება”.
ასევე რუსეთის პრეზიდენტმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ „რუსეთმა და უკრაინამ უნდა იპოვონ კომპრომისები, რომლებიც ყველა მხარისთვის მისაღები იქნება”.
მოგვიანებით განცხადება გაავრცელა აშშ-ის პრეზიდენტმაც. დონალდ ტრამპის თქმით, მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის დაუყოვნებლივ დაიწყება. მისივე თქმით, ვატიკანმა, რომელსაც პაპი წარმოადგენს, გამოხატა დიდი ინტერესი, რომ მასპინძლობა გაუწიოს ამ მოლაპარაკებებს.
„ახლახან დავასრულე ორსაათიანი სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. მე მჯერა, რომ საუბარი ძალიან კარგად წარიმართა. რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ზავისა და, რაც მთავარია, ომის დასრულებისკენ. ამის პირობები შეთანხმდება მხარეებს შორის, რადგან მხოლოდ მათ შეუძლიათ იცოდნენ მოლაპარაკების დეტალები, რომლებიც სხვებისთვის უცნობია.
საუბრის ტონი და სული შესანიშნავი იყო. თუ ასე არ იქნებოდა, ამას ახლა ვიტყოდი და არა მოგვიანებით. რუსეთს სურს მასშტაბური ვაჭრობა შეერთებულ შტატებთან, როდესაც ეს კატასტროფული „სისხლისღვრა” დასრულდება, და მე ვეთანხმები. არსებობს უზარმაზარი შესაძლებლობა რუსეთისთვის, შექმნას უამრავი სამუშაო ადგილი და სიმდიდრე. მისი პოტენციალი უსაზღვროა.
ანალოგიურად, უკრაინას შეუძლია დიდი სარგებელი მიიღოს ვაჭრობით, თავისი ქვეყნის აღდგენის პროცესში. მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის დაუყოვნებლივ დაიწყება. ამის შესახებ მე პუტინთან საუბრის დასრულებისთანავე ვაცნობე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს და ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბს.
ვატიკანმა, რომელსაც რომის პაპი წარმოადგენს, გამოხატა დიდი ინტერესი, რომ მასპინძლობა გაუწიოს ამ მოლაპარაკებებს. დავიწყოთ ეს პროცესი!“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.