რუსეთში ამტკიცებენ, რომ მათ არა სავაჭრო ცენტრი, არამედ დასავლური შეიარაღება დაბომბეს

პუბლიკა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მათ მაღალი სიზუსტის სარაკეტო დარტყმით კრემენჩუკში სამხედრო არსენალი დაბომბეს და არა სავაჭრო ცენტრი.

„აეროკოსმოსურმა ძალებმა მაღალი სიზუსტის საჰაერო ბაზირების შეიარაღებით იერიში მიიტანეს ანგარებზე, რომლებშიც აშშ-დან და ევროპიდან უკრაინისთვის მოწოდებული იარაღი ინახებოდა“, – წერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თავის Telegram-არხზე.

რუსული მხარის განცხადებით, წერტილოვანი დარტყმით განადგურდა სამხედრო საწყობები და იარაღი, რომლებიც შემდეგ უკრაინელებს დონბასში უნდა გამოეყენებინათ. მათი მტკიცებით, მეზობლად მდებარე „გაუქმებულ სავაჭრო ცენტრში“ ხანძარი ამ საწყობებში არსებული შეიარაღების დეტონაციამ გამოიწვია.

გუშინ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ რუსების მიერ ნასროლი ერთ-ერთი რაკეტა პირდაპირ სავაჭრო ცენტრს ეცემა, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 18 ადამიანი დაიღუპა, 60-მდე კი დაშავდა. თუმცა, მაშველები ჯერ კიდევ ეძებენ დაღუპულთა ცხედრებს.

უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, კრემენჩუკის დაბომბვისას რუსებმა საბჭოთა პერიოდის შორი მოქმედების რაკეტა Kh-22 გამოიყენეს. რაკეტები საკმაოდ ძველია და ცდომილების დიდი არეალი აქვს.

ამიტომ, უკრაინაში ვარაუდობენ, რომ რაკეტები მიზანს ასცდა. მაგალითად, იმავე ტიპის რაკეტებით დაიბომბა წუხელ მიკოლაევი და ოდესა. რაკეტების სამიზნე აქაც მშვიდობიანი მოსახლეობა აღმოჩნდა, მიკოლაევისა და ოდესის დაბომბვას 3 ადამიანი ემსხვერპლა.