რუსეთში დუმის არჩევნებში პუტინის პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა შეინარჩუნა

პუბლიკა

რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები დასრულდა. წინასწარი ოფიციალური მონაცემებით, საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთი“ საკონსტიტუციო უმრავლესობას ინარჩუნებს.

ბიულეტენების თითქმის 99%-ის დათვლის შემდეგ პარტიამ ხმების 49.79% და  122 ადგილი (პროპორციული ნაწილით) მიიღო დუმაში. ამასთან ერთად, „ერთიანმა რუსეთმა“ გაიმარჯვა მაჟორიტარული ოლქების უმეტესობაში – 225 მაჟორიტარული ოლქიდან 199 მოიგო და 450-მანდატიან სახელმწიფო დუმაში პუტინის გუნდი სულ, სავარაუდოდ, 323 ადგილს მიიღებს.

ეს მცირედით ნაკლებია ამ მოწვევის დუმაში არსებულ მაჩვენებელზე, რომელშიც მმართველ გუნდს 343 მანდატი აქვს, თუმცა, როგორც რუსული მედია წერს, „ერთიანი რუსეთი“ ისევ „სუპერსაკონსტიტუციო უმრავლესობით“ იქნება წარმოდგენილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ 3-დღიანი არჩევნების განმავლობაში ინტერნეტში ვრცელდებოდა კადრები საარჩევნო უბნებიდან, სადაც ჩანს, როგორ ყრიდნენ საარჩევნო ყუთებში ზედმეტ ბიულეტენებს ან სხვაგვარი მანიპულაციით ცდილობდნენ არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენას.

ამასთან ერთად, როგორც რუსული გამოცემა Meduza წერს, მმართველმა პარტიამ თავის სასარგებლოდ გამოიყენა ახალდანერგილი ელექტრონული ხმის მიცემა, საარჩევნო უბნებზე კი უზრუნველყოფდა მხარდამჭერთა მობილიზებას.

Meduza წერს, რომ 3-დღიანი არჩევნების დასასრულს რუსეთის სახელისუფლებო პარტიამ არჩევნების შედეგები აღნიშნა, მაგრამ ღონისძიებაზე არ გამოჩენილან სიის პირველი და მეორე ნომრები – თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ და საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი.

ღონისძიებაზე არ იმყოფებოდნენ პარტიის თავმჯდომარე დმიტრი მედვედევი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც, რომელიც აცხადებს, რომ თვითიზოლაციაშია. ამრიგად, სახელმწიფო დუმის არჩევნებში მორიგი გამარჯვება პარტიამ ლიდერების გარეშე აღნიშნა.

წინასწარი მონაცემებით, ახალი მოწვევის სახელმწიფო დუმაში „ერთიანი რუსეთის“ გარდა, კიდევ 4 პოლიტიკური ჯგუფი იქნება წარმოდგენილი. მეორე ადგილზე „კომუნისტურმა პარტიაა“, რომლის შედეგებიც წინა მოწვევის დუმასთან შედარებით გაუმჯობესდა. „კომუნისტური პარტია“ არჩევნების შემდეგ დაახლოებით 60 მანდატს მიიღებს.

საგრძნობლად გაუარესდა „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ შედეგი. რომელიც ამ არჩევნებში დაახლოებით 7.5% აიღებს. მას მოჰყვება პარტია „სამართლიანი რუსეთი“, რომელსაც ხმების დაახლოებით 7.4% აქვს მოპოვებული, თუმცა „ლიბერალ-დემოკრატებისგან“ განსხვავებით, მისი შედეგი წინა არჩევნებთან შედარებით მცირედით გაუმჯობესდა.

ამ მოწვევის დუმაში გამოჩნდება პარტია „ახალი ხალხიც“, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ შეიქმნა და წინასაარჩევნო კვლევებით, ახლოს იყო ბარიერის მიღმა დარჩენასთანაც კი.