რუსეთში გამოსცადეს ახალი რაკეტა, რომელსაც პუტინის თქმით, ანალოგი არ აქვს - Reuters

პუბლიკა

The Reuters-ის ცნობით, რუსეთში იუწყებიან, რომ ახალი საკონტინენტთაშორისო რაკეტა „სარმატი“ გამოსცადეს. რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით, რაკეტა საცდელად ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთიდან გაუშვეს და ქვეყნის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთში სამიზნე წარმატებით გაანადგურა.

როგორც ცნობილია, „სარმატზე“ მუშაობა წლებია მიმდინარეობს და მისი დასრულება მოულოდნელობა არ ყოფილა დასავლეთისთვის. თუმცა მისი საცდელი გაშვება უკრაინასთან ომის ფონზე მოხდა, მაშინ, როცა სამხედრო ანალტიკოსები და ზოგიერთი პოლიტიკოსი დასავლეთში შიშობს, რომ რუსეთმა შეიძლება ომში ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, ეს იქნება იარაღი, რომელიც რუსეთის მტრებს საფიქრალს გაუჩენს.

„ახალ სარაკეტო კომპლექსს უმაღლესი დონის ტაქტიკური და ტექნიკური მახასიათებლები აქვს და დღეს მსოფლიოში არსებული ყველა სახის საჰერო თავდაცვის გარღვევა შეუძლია. მას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს და არ ექნება კიდევ დიდ ხანს“, – განაცხადა პუტინმა.