რუსეთში კაცს, რომლის 12 წლის შვილმაც სკოლაში ომის საწინააღმდეგო ნახატი დახატა, ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა სასამართლომ გადაწყვეტილების მიზეზად თავად ალექსეი მოსკალიოვის მიერ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ სოციალურ მედიაში გაკეთებული კრიტიკული განცხადებები დაასახელა.
მოსკალიოვს ბრალად „რუსეთის არმიის დისკრედიტაცია“ წაუყენეს და შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. რუსული არმიის დისკრედიტაციის მუხლით საქმე მოსკალიოვის წინააღმდეგ გასულ წელს აღძრეს. 30 დეკემბერს სამართალდამცველებმა მისი სახლი გაჩხრიკეს იმ მიზეზით, თითქოს ალექსეი რუსული არმიის დისკრედიტაციას ეწეოდა სოციალურ მედიაში.
მოსკალიოვს ბრალი წაუყენეს და პროკურატურამ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. თავად ალექსეი ბრალს არ ეთანხმება, თუმცა სასამართლოში არ გამოცხადდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ბრალდების მხარე ასევე ამტკიცებს, რომ მოსკალიოვმა შინაპატიმრობის პირობები დაარღვია და სასამართლოს წინა ღამით სახლიდან გაიპარა. სასამართლომ კი გადაწყვეტილება მსჯავრდადებულის არყოფნაში გამოიტანა.
მას შემდეგ, რაც თვის დასაწყისში ალექსეი მოსკალიოვს შინაპატიმრობა შეეფარდა, მისი ქალიშვილი მაშა, რომელსაც მარტო ზრდიდა, ბავშვთა სახლში გადაიყვანეს.
12 წლის მაშამ ომის საწინააღმდეგო სურათი სკოლაში, ხელოვნების გაკვეთილზე გასული წლის აპრილში დახატა. ნახატზე რუსული რაკეტები მიმართული იყო უკრაინული ოჯახის წინააღმდეგ. ნახატზე დატანილი იყო წარწერებიც: „არა ომს“ და „დიდება უკრაინას“. ამის გამო სკოლამ პოლიცია გამოიძახა.
რუსული დამოუკიდებელი ტელეგრამ-არხის SOTA-ს ცნობით, მისკალიოვის ადვოკატმა მაშას მიერ მამამისისთვის დახატული სურათები გამოაქვეყნა. არხის თანახმად, ასევე იყო მაშას წერილიც, რომელსაც თან ერთვოდა ბოლოში მიხატული გულის ნიშანი და მინაწერი: „მამა, შენ ჩემი გმირი ხარ“.