რუსეთში კონცერტზე პიანისტი მოულოდნელად სიტყვით გამოვიდა და მთავრობა გააკრიტიკა

პუბლიკა

რუსეთში ნოვოსიბირსკის ფილარმონიაში 16 მარტს საფორტეპიანო კონცერტი სკანდალით დასრულდა. საბჭოთა კავშირის დროს რეპრესირებული პიანისტის, ვერა ლოტარ-შევჩენკოს 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტზე პიანისტმა, ტიმოფეი კაზანცევმა ბეთჰოვენის ერთ-ერთი ნაწaრმოების შესრულების შემდეგ სცენიდან რუსეთის ხელისუფლება გააკრიტიკა.

დაწესებულების თანამშრომლებმა კაზანცევის სცენიდან გაყვანაც სცადეს, მას შემდეგ, რაც პიანისტმა პუბლიკას ადგილობრივი აქტივისტის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერისკენ მოუწოდა. იანა დრობნუხოდს სასამართლომ 5 წელი მიუსაჯა არასანქცირებულ მიტინგებში მონაწილეობისთვის.

კაზანცევის თქმით, ვერა ლოტარ-შევჩენკოსადმი მიძღვნილ კონცერტზე, პიანისტის იუბილეზე, რომელმაც რეპრესირებულმა ციმბირში, საბჭოთა გულაგში 8 წელი გაატარა, არ შეიძლებოდა გაჩუმებულიყო რუსეთში ხელახლა დაბადებულ რეპრესიულ მანქანაზე. რეპრესიებზე, რომლის მსხვერპლიც ადგილობრივი აქტივისტი იანა დრობნოხოდი გახდა.

„ჩემი გამოსვლა არავისთან არ შემითანხმებია, არც ფილარმონიის ხელმძღვანელობასთან, ჩემი ცოლისთვისაც კი სიურპრიზი იქნება.

მაგრამ დღეს არ არის მხოლოდ კულტურული ღონისძიება, არამედ პოლიტიკურიც. რადგან ამ დარბაზში თავის დროზე რეპრესირებული პიანისტის იუბილეს აღვნიშნავთ. ვფიქრობ, ლოგიკურია, ამ სცენიდან ვახსენოთ ჩვენი ამჟამინდელი რეპრესიების მსხვერპლნიც…

დღეს მოგიწოდებთ ყველას, რომ გავაკეთოთ კეთილი საქმე. დავაფიქსიროთ ჩვენი ხელმოწერები ნოვოსიბირსკელი აქტივისტის – უკანონოდ დაკავებული იანა დრობნოხოდის გათავისუფლების მოთხოვნის ქვეშ,“ – მიმართა დარბაზს პიანისტმა.

პაიანისტის გამოსვლას დარბაზი ტაშით შეხვდა და მისი გაყვანის მცდელობისას გაისმა შეძახილები – „დაასრულოს“. ტიმოფეი კაზანცევის სიტყვის დასრულების შემდეგ ფილარმონიის ადმინისტრაციამ მიმართა დარბაზს და გაემიჯნა პიანისტის გამოსვლას, თუმცა ვიდეოჩანაწერში ისმის აუდიტორიის შეძახილები, რომლებიც კაზანცევს უჭერენ მხარს.