რუსეთში მობილიზაციის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე 1386 ადამიანი დააკავეს - ОВД-Инфо

პუბლიკა

ადამიანის უფლებებზე მომუშავე დამოუკიდებელი რუსული მედიაპროექტის, ОВД-Инфо-ს მიხედვით, გუშინ რუსეთში მობილიზაციის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე მინიმუმ 1386 ადამიანი დააკავეს.

როგორც გამოცემა წერს, საპროტესტო აქციები დაკავებით 38 ქალაქში დასრულდა. პოლიცია აგრესიულაც იქცეოდა აქციის მონაწილეთა მიმართ, დააკავეს ჟურნალისტებიც.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ერთ-ერთი დემონსტრანტის მიმართ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, ეკატერინბურგში ახალგაზრდა ქალი პოლიციის მიმართ ძალადობის მუხლით დააკავეს. დაკავებულთა ახლობლებს არ უშვებენ წინასწარი დაკავების იზოლატორებში, პოლიციის ზოგიერთი განყოფილება კი მთლიანად დაკეტეს.

რუსეთში საპროტესტო აქციები გუშინ მას შემდეგ დაიწყო, რაც ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თქმით, მათ ამ ეტაპზე 300 000 რეზერვისტის შეგროვება სურთ. არადა პუტინი უკრაინაში შეჭრის შემდეგ ამბობდა, რომ „სამხედრო ოპერაცია“ მობილიზაციის გარეშე დასრულდებოდა.

სავარაუდოდ, ხერსონისა და განსაკუთრებით ხარკივის მიმართულებით უკრაინელთა წარმატებული კონტრშეტევებისა და რუსულ არმიაში პერსონალის შემცირების გამო კრემლი იძულებული გახდა, ქვეყანაში მობილიზაცია დაეწყო. მობილიზაციას წინ უძღოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმების დანიშნვა. სახელმწიფო დუმამ კი გაამკაცრა კანონმდებლობა სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაზე.

პუტინის ბრძნებულებაში აღნიშნულია „მობილიზაცია“ და არა „ნაწილობრივი მობილიზაცია“, არ არის დაკონკრეტებული გასაწვევი რაოდენობა და ვადები.

პუტინის გამოსვლას და მობილიზაციის გამოცხადებას მალევე მოჰყვა რუსეთის მოქალაქეთა კრიტიკა და პროტესტი. Нет могилизации (არა საფლავებიზაციას) – ამ მოწოდებით მოქალაქეებმა გუშინვე დაიწყეს არაერთი ქალაქის ცენტრში შეკრება.

რუსულ და ბელორუსულ მედიაში ასევე გავრცელდა ცნობები, რომ მოქალაქეთა დიდმა რაოდენობამ ქვეყნის დატოვებაც დაიწყო. გაიყიდა ყველა ბილეთი მინსკის, ერევნის, სტამბოლის მიმართულებით. საქართველოს, ფინეთის, ყაზახეთისა და მონღოლეთის სახმელეთო საზღვრებზე კი საცობებია.

ОВД-Инфо-ს მიხედვით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ მათ საპროტესტო აქციების მონაწილეთა 16 500-მდე დაკავების შემთხვევა აღრიცხეს. პოლიციამ 4 000-ზე მეტჯერ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება „შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის“ მუხლით, 245 ადამიანის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთში საპროტესტო აქციები რამდენიმე კვირის განმავლობაში იმართებოდა, მაგრამ როგორც ОВД-Инфо წერს, მობილიზაციის გამოცხადებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები აღარ ყოფილა.