რუსეთში მოდელი ეკლესიის ფონზე ქვედა საცვალში გადაღებული ფოტოს გამო დააკავეს

პუბლიკა

რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში მოდელი მას შემდეგ დააკავეს, რაც წმ. ისააკის ტაძრის ფონზე ქვედა საცვალში ფოტო გადაიღო.

30 ოქტომბერს გადაღებულმა ფოტომ სოციალურ მედიაში ყურადღება მიიპყრო და ირინა ვოლკოვას წინააღმდეგ საქმე საზოგადოებისადმი უპატივცემულობის გამოხატვისა და მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის მუხლით აღიძრა.

BBC-ის რუსულენოვანი გამოცემა წერს, რომ გუშინ, 31 ოქტომბერს ირინა ვოლკოვა სასამართლომ სასჯელის გარეშე გაათავისუფლა. თუმცა მანამდე, როგორც სასამართლოს პრესსამსახური წერს, სხდომაზე მოდელმა ფოტოს გადაღებისთვის ბოდიში მოიხადა და პირობა დადო, რომ მას წაშლიდა.

„ფოტო დაუფიქრებლად გადავიღე, მხოლოდ შემდეგ მივაქციე ყურადღება. სურათს წავშლი და მსგავსს აღარ გავიმეორებ“, – თქვა სხდომაზე ვოლკოვამ.

ირინა ვოლკოვას მიერ ფოტოს გადაღებამდე ერთი დღით ადრე, 29 ოქტომბერს, რუსულმა სასამართლომ 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა რუს ბლოგერ რუსლან ბობიევსა და მის პარტნიორს, ანასტასია ჩისტოვას მოსკოვში ვასილი ნეტარის ტაძრის წინ პოზირებისთვის.

წყვილი შიშველი არ ყოფილა, მაგრამ სასამართლომ მიიჩნია, რომ მათი ფოტო სექსუალური აქტის იმიტაციას წარმოადგენდა და პროვოკაციული იყო. მათაც ბრალად ედებოდათ მორწმუნეთა გრძობების შეურაცხყოფა.

რუსეთში მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის მუხლი სისხლის სამართლის კოდექსს 2012 წლიდან დაემატა, რუსული პანკჯგუფის Pussy Riot-ის გახმაურებული საქმის დროს. პანკჯგუფმა თავიანთი ვიდეოკლიპის ერთ-ერთი ნაწილი ეკლესიაში გადაიღო, მოგვიანებით მისი რამდენიმე წევრი დააპატიმრეს.