რუსეთში მოქანდაკე ზურაბ წერეთელი გარდაიცვალა

პუბლიკა

ზურაბ წერეთელი 92 წლის იყო. ის მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ასევე, 1997 წლიდან იყო რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი.

ზურაბ წერეთელი 1960-იანი წლებიდან ძირითადად რუსეთში მუშაობდა. იყო მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადის მთავარი მხატვარი, საბჭოთა კავშირის, რუსეთის, საფრანგეთისა და იუნესკოს არაერთი მაღალი ჯილდოს მფლობელი და არაერთი მასშტაბური პროექტის ავტორი.

მათ შორისაა მოსკოვის მაცხოვრის ტაძრის აღდგენა, გამარჯვების მემორიალი, პეტრე პირველის ქანდაკება და ა.შ.

მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რუსულმა მედიამ გაავრცელა.

ზურაბ წერეთელი 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით საარჩევნო ბლოკიდან „მშვიდობა“.

ზურაბ წერეთელს ეკუთვნის წმინდა გიორგის მონუმენტი, რომელიც თავისუფლების მოედანზეა აღმართული.

ზურაბ წერეთელს ეკუთვნის ვლადიმირ პუტინის ქანდაკებაც სახელწოდებით: „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია”.

განახლება:

რუსული სამთავრობო მედია „ტასს”-ის ცნობით, ზურაბ წერეთელს თბილისში, დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. წერეთლის შვილიშვილმა „ტასს”-ს უთხრა, რომ მოქანდაკის პანაშვიდი ოთხშაბათს, 23 აპრილს მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში გაიმართება, შემდეგ კი თბილისში.