რუსეთის ხელისუფლება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის გუნდის წევრებს არასანქცირებული მიტინგის მოწყობისკენ მოწოდებას ედავება.
მოსკოვში რკინიგზის ერთ-ერთ სადგურზე დააკავეს ნავალნის დაფუძნებული „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ თანამშრომელი გეორგი ალბუროვი. მოგვიანებით მილიციის თანამშრომლები მივიდნენ ნავალნის პრესსპიკერის სახლშიც. კირა იარმიშმა, როგორც „მედუზა“ წერს, სამართალდამცველებს კარი ადვოკატის მისვლამდე არ გაუღო. თუმცა, ის ადვოკატის თანხლებით მაინც დააკავეს.
ასევე დააკავეს ნავალნის ფონდის იურისტები ლიუბოვ სობოლი და ვლადნელ ლოსი. სამართალდამცველები ნავალნის თანაგუნდელებს არასანქცირებული შეკრების მოწოდებას ედავებიან. ალექსეი ნავალნის დაკავების შემდეგ მისმა მხარდამჭერებმა 23 იანვარს საპროტესტო აქცია დააანონსეს. თუმცა, მილიციამ ნავალნის გუნდის 20-ზე მეტი წევრი გააფრთხილა, რომ „არასანქცირებული მიტინგის გამართვისკენ მოწოდებას“ სამართლებრივი შედეგები მოჰყვებოდა. დღეს კი დაკავებები დაიწყო.