რუსეთში პუტინის, ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა შედგა

პუბლიკა

რუსეთში ვლადიმერ პუტინის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა შედგა. კრემლის ოფიციალური ინფორმაციით, მათ მთიან ყარაბაღში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების შესახებ ახალ განცხადებას მოაწერეს ხელი.

ინფორმაციის მიხედვით, ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც სამი ქვეყნის ვიცე-პრემიერები ჩაუდგებიან სათავეში და წარმოადგენენ კონკრეტულ გეგმებს, რომელიც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარებას ეხება.

სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 30 იანვრამდე გაიმართება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სხდომაზე განიხილავენ იმ სამუშაოთა ძირითად ჩამონათვალს, რომელიც შეთანხმების მე-9 პუნქტიდან გამომდინარეობს და პრიორიტეტად აწესებს სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლას.

„მნიშვნელოვანი და სასარგებლო“  – ასე აფასებს გავრცელებულ განცხადებაში შეხვედრას ვლადიმერ პუტინი.

„მივედით დასკვნამდე რომ 2020 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმება საერთო ჯამში სრულდება. სერიოზული ინციდენტები არ გამოვლენილა. რუსეთის სამშვიდობო ძალები ასრულებენ ორივე მხარის მიმართ ნაკისრ ვალდებულებას.“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიების განცხადებით, სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნა პასუხობს როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის და რუსეთის ინტერესებსაც. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ მეზობელი ქვეყნებიც აქტიურად ჩაერთვებიან სატრანსპორტო არტერიების შექმნაში.

„ცეცხლის შეწყვეტიდან ორი თვე გავიდა. ის, რომ მოსკოვში შეიკრიბნენ ლიდერები, რომლებმაც 9 ნოემბერს მოაწერეს ხელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, აჩვენებს, რომ ჩვენ შედეგზე ვართ ორიენტირებულები. ეს გვაძლევს იმედს, რომ როგორც ერთხელ ვლადიმერ პუტინმა თქვა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი წარსულში უნდა დარჩეს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალზე. ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ერთად“, – განაცხადა ალიევმა.

მნიშვნელოვან პროექტად აფასებს ხელმოწერილ განცხადებას სომხეთის პრემიერი ფაშინიანი. მისი აზრით, ამ იდეის რეალიზებს სომხეთის ეკონომიკის შეცვლა შეუძლია. ფაშინიანმა კომენტარი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზეც გააკეთა.

„ჩვენ შევძელით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უზრუნველყოფა, მაგრამ კიდევ რჩება ბევრი საკითხი, რომელთა გადაჭრაც საჭიროა. მათ შორის არის მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხი. სომხეთი მზადაა, გააგრძელოს მოლაპარაკება მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობით“, – განაცხადა ფაშინიანმა.