რუსეთში, რამდენიმე ქალაქში, ომის საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს

პუბლიკა

რუსეთში, რამდენიმე ქალაქში ომის საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს.

ვრცელდება ინფორმაცია დემონსტრანტების დაკავებების შესახებაც.

აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთმა ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.


დღეს დილით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამხედრო მობილიზება პირველად გამოცხადდა. ასევე პუტინმა მხარი დაუჭირა უკრაინის რეგიონების ანექსიას, დასავლეთი კი გააფრთხილა, რომ არ ტყუის, როდესაც ამბობს, რომ მზად არის რუსეთის დასაცავად ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

პუტინის ბრძანებულებით, სამხედრო სამსახურს მხოლოდ ის მოქალაქეები დაექვემდებარებიან, რომლებიც რეზერვში არიან და, პირველ რიგში, შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.

მისი თქმით, ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და რუსი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღეს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ კი აცხადებს, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში სულ გაწვეული იქნება 300 000 რეზერვისტი.

„რუსეთს აქვს უზარმაზარი სამობილიზაციო რესურსი – თითქმის 25 მილიონი ადამიანი. ნაწილობრივ მობილიზაციას ექვემდებარება სამობილიზაციო რესურსის 1%-ზე ცოტა მეტი. გამოძახებული იქნება 300 000 რეზერვისტი. დღეს ჩვენ ვეომებით არა იმდენად უკრაინის არმიას, რამდენადაც კოლექტიურ დასავლეთს“– განაცხადა სერგეი შოიგუმ.

პუტინის დღევანდელი მიმართვა ასევე დაგმო აშშ-ის ელჩმა უკრაინაში, ბრიჯიტ ბრინკმა, ე.წ. რეფერენდუმს ყალბი უწოდა, მობილიზებას კი „სისუსტის ნიშანი“. მან ასევე პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები დარჩება მტკიცე მოკავშირე რუსული აგრესიის წინააღმდეგ.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა დაგმო კრემლის ეს ნაბიჯი, როგორც „ცუდი და არასწორი განვითარება“, ხოლო ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლასმა თქვა, რომ პუტინის გამოსვლა იყო „აღიარება იმისა, რომ მისი შემოჭრა წარუმატებელია“.