რუსეთში სასამართლომ „ინსტაგრამისა“ და „ფეისბუკის“ საქმიანობა „ექსტრემისტულად” გამოაცხადა და მათი საქმიანობა აკრძალა. ამის შესახებ BBC წერს.
მოსამართლის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება არ ვრცელდება WhatsApp-ზე, რომელიც ასევე მეტას ეკუთვნის.
„ჩვენ ვაკმაყოფილებთ პროკურატურის მოთხოვნას [Instagram-ისა და Facebook-ის მშობელი კომპანიის] Meta-ს საქმიანობის აკრძალვის შესახებ“, – განაცხადა მოსამართლემ ოლგა სოლოპოვამ, რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tass-ის ცნობით.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, პროკურორების თქმით, „ფეისბუქმა“ თავისი წესები დაარღვია, რადგან მომხმარებლებს იმის ნებართვა მისცა, რომ რუსი ჯარისკაცების მკვლელობის მოწოდებები გაევრცელებინათ.
4 მარტს ცნობილი გახდა, რომ რუსეთში „ფეისბუკი“ იბლოკებოდა. სოციალური ქსელის დაბლოკვის გადაწყვეტილება როსკომნადზორმა მიიღო იმ მოტივით, რომ Facebook-თან დაკავშირებით 2020 წლის ოქტომბრიდან რუსული მედიის წინააღმდეგ უკვე დისკრიმინაციის 26 საქმე დაგროვდა. უწყების განცხადებით, მათ შორის იყო პროკრემლისტური მედიაგამოცემების შეზღუდვა.