რუსეთისგან ავიასანქციების გამო 300 მილიონით ნაკლები შემოსავალი მივიღეთ - გვენეტაძე

პუბლიკა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთისგან ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო.

„როგორც მოგეხსენებათ, ივლისში რუსეთის მიერ ავიაფრენების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებამ და სხვა შესაძლო ფორმალური თუ არაფორმალური სავაჭრო სანქციების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ გაცვლითი კურსის გაუფასურების მოლოდინი გააჩინა. შესაბამისად, სავალუტო შემოდინებების ფაქტობრივ შემცირებამდეც, ბაზარზე შემცირდა უცხოური ვალუტის მიწოდება, ხოლო მოთხოვნა გაიზარდა, რამაც კურსის მყისიერი გაუფასურება გამოიწვია – უფრო ადრე, ვიდრე ტურისტული შემოსავლები ფაქტობრივად დაიწყებდა შემცირებას. ჩვენი შეფასებით, ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო. ამას დაემატა პოლიტიკური დაძაბულობა, რამაც კურსის დამატებით გაუფასურებას შეუწყო ხელი”, – აღნიშნა გვენეტაძემ.

საუბარია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებაზე, რომლის მიხედვითაც 8 ივლისიდან რუსეთის ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალათ რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტირება.