რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკა, აშშ-სთან და EU-სთან ურთიერთობების გადატვირთვა, ჩინეთთან პარტნიორობის გაღრმავება - „ოცნების“ საარჩევნო პროგრამა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 7 ოქტომბერს, საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. საათზე მეტი ხნის განმავლობაში მან სხვადასხვა თემაზე ისაუბრა და არაერთი დაპირება გააჟღერა.

ტრადიციულად, კობახიძემ ილაპარაკა ეკონომიკურ ზრდაზე და თქვა, რომ 2028 წლისთვის, მინიმუმ 130 მილიარდ ლარამდე გაიზრდება ეკონომიკა”ჩვენ თუ შევძელით და აუცილებლად შევძლებთ, არსებული ტემპის შენარჩუნებას”. მან ასევე გაიმეორა არაერთხელ გაჟღერებული დაპირება, რომ 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ეს იმ პირობებში, როცა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი გაჩერებულია.

განათლების მიმართულებაზე საუბრისას პრემიერმა გააჟღერა დაპირება,  რომ რუსთავის მიმდებარედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კამპუსი აშენდება. მისივე თქმით, სურთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 20 000-ს გადასცდეს სტუდენტების რაოდენობა:

“დღეს უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა არ არის სათანადოდ განვითარებული, იმისთვის, რომ ქართველ სტუდენტებს საქართველოში ჰქონდეთ თანამედროვე სტანდარტების უნივერსიტეტებში სწავლის საშუალება, დაგეგმილია მნიშვნელოვნად გაფართოვდეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა. დღეისთვის არსებული პროექტების ფარგლებში 5 000-მდე არის დაგეგმილი სტუდენტების რაოდენობის ზრდა ინფრასტრუქტურის შესაბამისად და ჩვენი ამოცანაა, რომ 20 000-ს გადასცდეს სტუდენტების რაოდენობა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უნდა გახდეს თანაბარმნიშვნელოვანი კერა საუნივერსიტეტო განათლების მისაღებად ჩვენ ქვეყანაში”.

მისივე თქმით, აქვთ დაპირება „ოცნების“ სიის პირველი ნომრის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ მისი მხრიდან “სერიოზული ინვესტიცია იქნება ჩადებული ამ პროექტის განხორციელებისთვის”.

“გვაქვს ამოცანა, რომ რუსთავის მიმდებარედ, თბილისსა და რუსთავს შორის განვავითაროთ სრულიად ახალი კამპუსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი მთლიანად თანამედროვე ინფრასტრუქტურით, მათ შორის სასწავლო ინფრასტრუქტურით, საერთო საცხოვრებლებით, სპორტული ინფრასტრუქტურით, ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი იმისთვის, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ თვითრეალიზების საშუალება” – თქვა კობახიძემ.

კიდევ ერთი დაპირება, რომელიც დღეს გაჟღერდა არის ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარის გამოყოფა ხელოვანთა მხარდასაჭერად:

“ჩვენ გვაქვს დაგეგმილი 30 მილიონი ლარის გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც მოხმარდება ხელოვანთა და ხელოვნების მხარდაჭერას. ეს იქნება საგანგებო ბიუჯეტი, რომელიც მიზანმიმართულად მოხმარდება ხელოვანთა მხარდაჭერას ჩვენ ქვეყანაში”, – თქვა კობახიძემ.

„ოცნება“ ამბობს, რომ საჯარო სამსახურებში მომავალ წელსაც გაიზრდება ხელფასები, თუმცა საბავშვო ბაღების პერსონალს, ასევე, სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალს, პირველი იანვრიდან „სუფთა 100 ლარით“ გაეზრდებათ ხელფასები.

“საჯარო სამსახურს რაც შეეხება, ბოლო წლების განმავლობაში უზრუნველყოფილი იყო ყოველწლიურად 10%-იანი ზრდა და მომავალ წელსაც გაგრძელდება ხელფასების ზრდა 10%-იანი მაჩვენებლით. საბავშვო ბაღების პერსონალი, აქ სტანდარტული ზრდის მიღმა, დაგეგმილი გვაქვს 1 იანვრიდან, 100 ლარით, სუფთა 100 ლარით ხელფასების ზრდა თითოეული თანამშრომლისთვის. იგივე ეხება სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალს, სადაც სტანდარტული ზრდის მიღმა, 100 ლარით გაიზრდება პირველი იანვრიდან მათი ხელფასები”, – თქვა კობახიძემ.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეროვნული ამოცანა, ამერიკასთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა. ის ისევ ამტკიცებს, რომ მომავალ წელს, როცა უკრაინაში ომი დასრულდება, რისი მოლოდინიც „ოცნებას“ აქვს, შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგმება პარტნიორების მხრიდან.

„ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანა, ასე ვიტყოდი, არის აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა, ჩვენ ბუნებრივია არ მოგვწონს ურთიერთობების ის მდგომარეობა, რომელიც გვაქვს დღეს. ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი იდგმება იმისთვის, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალ წელს, მას შემდეგ რაც დასრულდება უკრაინაში ომი, შემხვედრი ნაბიჯებიც იქნება გადადგმული, რაც უზრუნველყოფს ურთიერთობების გადატვირთვას, როგორც აშშ-ის, ისე ევროკავშირის მიმართულებით“, – თქვა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე.

პრემიერმა თქვა, რომ NATO-სთან თანამშრომლობის გაღრმავება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრირორიტეტი, ასევე, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, რასაც მისი თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.

“არაღიარების პოლიტიკა იყო მთელი ამ წლების განმავლობაში ძალიან წარმატებული როგორც მოგეხსენებათ, 2012 წლისთვის 4 სახელმწიფოს ჰქონდა აღიარებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა და ეს 4 სახელმწიფო დარჩა 4 სახელმწიფოდ. [….] პრაგმატული პოლიტიკა და რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება, ესეც არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი”, – თქვა კობახიძემ.