რუსი აქტივისტის ანა რივინას თქმით, ის საქართველოში არ შემოუშვეს

პუბლიკა

რუსული დამოუკიდებელი მედიის ინფორმაციით, რუს სამოქალაქო აქტივისტსა და ფონდის – „არა ძალადობას“ (Насилию.Нет) დამფუძნებელ ანა რივინას საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს. საქართველოში ის რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა.

ანა რივინას თქმით, ის თბილისში ერევნიდან ჩამოფრინდა და მესაზღვრეების გადაწყვეტილებას დაახლოებით სამი საათი ელოდა. მისივე თქმით, მას საზღვარზე ყოველთვის დიდხანს ალოდინებდნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც თანხმობას იღებდა საქართველოში შემოსვლაზე. ახლა კი უარი უთხრეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ანა რივინა 10 თებერვალს რუსეთის ხელისუფლებამ „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადა. მას რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და ხელისუფლების წარმომადგენელთა შესახებ უზუსტო და ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებას აბრალებენ. ასეთ ბრალდებას რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ აქტიურად იყენებს.

ფონდი „არა ძალადობას“ კი რუსეთის ხელისუფლებამ „უცხოელი აგენტების“ სიაში 2020 წელს შეიყვანა.

ანა რივინას გარდა ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში შემოსვლაზე უარი სხვა სამოქალაქო აქტივისტებსა და პუტინთან დაპირისპირებულ პოლიტიკოსებსაც უთხრეს. მათ შორის, დმიტრი გუდკოვს, ოლგა ბორისოვას, ლიუბოვ სობოლს და სხვებს.