ბლოგერს რუსეთიდან, ინსა ლანდერს საქართველოში არ უშვებენ. ამის შესახებ ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ ხელმძღვანელმა, იგორ კურაპეტოვმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
როგორც მან „ფორმულასთან“ განაცხადა, რუსი ბლოგერი ინსა ლანდერი მეხუთე დღეა, ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე,ნეიტრალურ ზონაში იმყოფება და ქართველი მესაზღვრეები საქართველოში შემოსვლის უფლებას არ აძლევენ.
იგორ კურაპეტოვმა განაცხადა, რომ მესამე ქვეყნები მზად არიან, ინსა ლანდერს თავშესაფარი მისცენ, მაგრამ მანამდე ბლოგერი საქართველომ უნდა შემოუშვას. კურაპეტოვთან ინტერვიუს თარგმანი „TV პირველის“ ეთერში გავიდა.
„მან რუსეთის საზღვარი გადმოკვეთა, მაგრამ საქართველომ აღარ შემოუშვა. ამის შემდეგ მან კვლავ სცადა გადაკვეთა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. რუსეთში მას ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით აქვს ბრალდება წაყენებული. ბრალდება ეფუძნება ინსას მიმოწერას Vkontakte-ზე, 2014 წელს. მედია და უფლებადამცველები ინსას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ“, – განაცხადა იგორ კურაპეტოვმა.
„TV პირველის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ბლოგერი ინსა ლანდერი ამბობს, რომ რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში მას 8 წლით პატიმრობა ემუქრება.
„მე მემუქრება ციხე, თუ დავრჩები რუსეთში. დავიბადე და გავიზარდე ჩრდილო კავკასიაში. ეს არის ტერიტორია, სადაც რუსები მოროდიორობით არიან დაკავებულები. მათ ხელშია ძალაუფლება და მათ შეუძლიათ, სასიკვდილო განაჩენი სასამართლოს გარეშე გამოიტანონ. გამიმართლა, რომ მხოლოდ დამაკავეს და უარესი არ გამიკეთეს. მათ უკვე იციან, რომ საქართველოში ვარ. ისინი მივიდნენ ჩემს ოჯახში და სთხოვენ, რომ რუსეთში დავბრუნდე. მე თუ დავბრუნდები უკან, ციხეში მომიწევს წასვლა 8 წლით. მე ვერ გავუძლებ. მოვკვდები“, – განაცხადა მან.
„პუბლიკა“ დაუკავშირდა სახალხო დამცველის აპარატს. მათი თქმით, სახალხო დამცველი იმყოფებოდა ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ინსა ლანდერის მოსანახულებლად, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცა. სახალხო დამცველის აპარატში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ ინსა ლანდერის საკითხზე მუშაობენ.
„პუბლიკა“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუ რატომ არ უშვებენ ბლოგერს საქართველოში. შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ამ საკითხზე მოგვიანებით მოგვაწვდიან ინფორმაციას.