რუსი ჟურნალისტი და ქველმოქმედი დმიტრი ალეშკოვსკი საქართველოში არ შემოუშვეს

პუბლიკა

რუსი ჟურნალისტი დმიტრი ალეშკოვსკი საქართველოში არ შემოუშვეს – ინფორმაციას ჟურნალისტის დედა, ისტორიკოსი და მთარგმნელი ტამარა ეიდელმანი ავრცელებს.

ეიდელმანის ცნობით, 2 დღის წინ შვილთან ერთან ერევანში გაემგზავრა ლექციის წასაკითხად, შემდეგ თვითონ სტამბოლში გაფრინდა, დმიტრი ალეშოვსკი კი თბილისისკენ გამოემგზავრა, სადაც ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა „საზღვარზე შეაყოვნეს, შემდეგ  თვითმფრინავში ჩასვეს და ერევანში გააბრუნეს“.

„ღმერთო ჩემო! ესენი ქართველები არიან! სად არის თქვენი გამბედაობა? სად არის თქვენი სტუმართმოყვარეობა? ისე გეშინიათ რუსეთის, აგრესორი ქვეყნის, რომ ვინც მის ხელისუფლებას არ მოსწონს, არ უშვებთ?“, – წერს ჟურნალისტის დედა.

მისივე განცხადებით, დმიტრი ალეშოვსკის პასპორტში საქართველოს ასზე მეტი შტამპი აქვს, თუმცა ბოლო 6 თვის განმავლობაში თუკი თვითონ ან თავისი შვილი საზღვარს გადმოკვეთდნენ, დიდხანს, ახნა-განმარტების გარეშე აყოვნებდნენ.

„ერთხელ 2,5 საათი ველოდე, სანამ ჩემს პასპორტს შეისწავლიდნენ, შემდეგ ახსნის გარეშე დამიბრუნეს პასპორტი და მითხრეს: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში“. შემდეგ ეს პროცესი გააუმჯობესეს – დაიწყეს პასპორტისთვის ფოტოს გადაღება და WhatsApp-ზე გაგზავნა. ძალიან სასაცილოა, რომ ქვეყნის დატოვების დროსაც ნებართვას ველით“, – წერს ეიდელმანი.


შემთხვევას რუსი ოპოზიციონერი ლუბოვ სობოლი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ერთი წლის წინ ქვეყანაში თვითონაც არ შეუშვეს.

„ეს უკვე ნორმად იქცა. საქართველოს მთავრობა პუტინს ეხმარება“, – წერს პოლიტიკოსი.

ცნობილი რუსი ბლოგერი რუსტემ ადაგოვი კი აღნიშნავს, რომ

„ეს ყველაფერი საოცარია და აბსოლუტურად წარმოუდგენლად ჟღერს. ჩვენ ყველა შეჩვეული ვართ საქართველოს ღია და თავისუფალი ქვეყნის იმიჯს, რომელიც ევროინტეგრაციაზეა ორიენტირებული. ქვეყანას, რომელიც იყო პუტინის რუსეთის ანტითეზა. ვაი, რომ ის დღეები, როგორც ხედავთ, წარსულს ჩაბარდა და ახლა საქართველო ისევ კრემლისკენ იყურება. ეს სამწუხაროა“, – წერს ადაგოვი.


დმიტრი ალეშკოვსკი მედიაპორტალისა და საქველმოქმედო ფონდის თანადამფუძნებელია. ივლისში რუსეთის მთავრობამ იგი „უცხოეთის აგენტების“ ნუსხაში შეიყვანა.  უკრაინაში ომი დაწყების დღეებიდან საქართველოში შემოსვლაზე არაერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსაა და ჟურნალისტს ეთქვათ უარი.