რუსი ექიმების განცხადებით, ნავალნის დიაგნოზი ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა

პუბლიკა

რუსი ექიმების განცხადებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერება ვერ იპოვეს.

მათი თქმით, ნავალნის დიაგნოზი ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა, რაც გამოწვეულია სისხლში შაქრის დონის მკვეთრი ვარდნით.

ნავალნის ომსკის საავადმყოფოდან გადასაყვანად გერმანიიდან სასწრაფო დახმარების თვითმფრინავი  გაგზავნეს, თუმცა აღნიშნული საავადმყოფოს მთავარი ექიმის განცხადებით, ალექსეი ნავალნის მდგომარეობა კრიტიკულია და არასტაბილური გერმანიაში გადაყვანისთვის.

ნავალნის პრესსპიკერი კირა იარმიში ამ გაწყვეტილებას აღიქვამს, „პირდაპირ საფრთხედ ნავალნის სიცოცხლისთვის“.


რუსი პოლიტიკოსი, ოპოზიციონერი, ბლოგერი, ანტიკორუფციული მოძრაობის წევრი ალექსეი ნავალნი ომსკის საავამდყოფოში კომაში იმყოფება.

ალექსეი ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, როდესაც თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი ომსკში საგანგებოდ დაეშვა.

„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ალექსი ჩაიში ჩაყრილი ნივთიერებით მოწამლეს, რადგან მას დილით მხოლოდ ჩაი ჰქონდა დალეული. ექიმები ამბობენ, რომ ტოქსინები ცხელ სითხეში სწრაფად შეიწოვება. ალექსეი ახლა უგონო მდგომარეობაშია“, – განაცხადა პრესმდივანმა.