რუსი სამხედროებისთვის შექმნილი ნებისმიერი საფრთხე ჩვენზე თავდასხმად იქნება აღქმული - ლავროვი მოლდოვას

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოლდოვის მიმართ მუქარისშემცველი განცხადება გააკეთა. ლავროვის განცხადებით, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ მოლდოვაში რუსულად მოსაუბრე ხალხის ინტერესები დაცული იყოს. რუსი სამშვიდობოებისა და დნესტრისპირეთის არეალში მყოფი სამხედროების უსაფრთხოების დარღვევა კი რუსეთზე თავდასხმად იქნება შეფასებული.

„ყველამ უნდა გაიგოს, რომ ნებისმიერი სახის მოქმედება, რაც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს, საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით რუსეთის ფედერაციაზე თავდასხმად იქნება განხილული“, – განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო ურთიერთობათა სკოლაში საუბრისას ლავროვი შეეხო მოლდოვის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლქვეშ არსებულ გაგაუზიის რეგიონს, სადაც თურქულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს და მოლდოვას მათი ინტერესების დაცვის აუცილებლობაც შეახსენა.

დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში რუსი სამშვიდობოები 1992 წლიდან იმყოფებიან. მას შემდეგ, რაც სეპარატისტებმა რუსეთის მხარდაჭერით დამოუკიდებლობის მოპოვება სცადეს. ამჟამად დნესტრისპირეთი მოლდოვის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს არ ექვემდებარება, რეგიონში რუსი სამშვიდობოების გარდა, განთავსებულია რუსული სამხედრო ბაზაც.