რუსი სპორტსმენების დაჯილდოება, სავარაუდოდ, დადებითი დოპინგ ტესტის გამო გადაიდო - მედია

პუბლიკა

პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია სავარაუდოდ დოპინგ ტესტზე ერთ-ერთი სპორტსმენის ჩავარდნის გამო გადაიდო.

საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არალეგალურ საშუალებაზე დადებითი პასუხი ფიგურული სრიალის გუნდის ერთ-ერთი წევრის ტესტმა აჩვენა, რომელთაც ოლიმპიადა პირველი ადგილით დაასრულეს.

როგორც The Guardian წერს, უცნობია ნივთიერება მოციგურავემ ოლიმპიადის დაწყებამდე მიიღო თუ მისი მიმდინარეობისას, ასევე უცნობია თავად რა ტიპის ნივთიერებაზეა საუბარი. გამოცემის მიხედვით, ის შესაძლოა, სპორტულ გამოსვლაზე ზეგავლენას არ ახდენდეს.

რუსეთის ფიგურული სრიალის ნაკრებში 15 წლის კამილა ვალიევა, 18 წლის მარკ კონდრატიუკი, წყვილებში მოასპარეზე 20 წლის ანასტასია მიშინა და 22 წლის ალექსანდრ გალიამოვი, ასევე ყინულზე მოცეკვავეები – 26 წლის ვიქტორია სინიცინა და 30 წლის ნიკიტა კაცლაპოვი ირიცხებიან.

ცნობილია, რომ დღეს ვარჯიში გამოტოვა მოციგურავეთა გუნდის ოთხმა წევრმა. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ დპინგ ტესტზე დადებითი პასუხი კამილა ვალიევას ტესტმა აჩვენა.

დაჯილდოების ცერემონიალის გადადებას ადასტურებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და მიზეზად გარკვეულ „ლეგალურ საფუძვლებს“ ასახელბს. თუმცა, კომიტეტში არ აკეთებენ კომენტარს რუს სპორტსმენებს შორის შესაძლო დადებითი დოპინგ ტესტის შესახებ.