რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორად ჯაბა სამუშია დაინიშნა

პუბლიკა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორად  ჯაბა სამუშია დაინიშნა.

ფონდის მიერ გვარცელებული ინფორმაციით,  ჯაბა სამუშია არის ისტორიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი; ჟურნალ “ისტორიანის” მთავარი რედაქტორი; ქ. ტორუნის (პოლონეთის რესპუბლიკა) აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის (Institutum Orientalium) ჟურნალის – „Studia Orientalne” სამეცნიერო საბჭოს წევრი. ვარშავის უნივერსიტეტის (The University of Warsaw) უმაღლესი ჯილდოს – საუნივერსიტეტო მედლის მფლობელი. არის 200 -ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, 25 წიგნის, სასკოლო სახელმძღვანელოებისა და სალექციო კურსების ავტორი. 2018 წლიდან დღემდე იყო რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ჯაბა სამუშია 2010-2014 წლებში იყო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“.

აქამდე ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის პოზიციას, 2018 წლის ოქტომბრიდან, ზვიად გაბისონია იკავებდა.