რუსთაველის გამზირზე პოლიციამ დააკავა შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი 

პუბლიკა

დღეს, 11 იანვარს რუსთაველის გამზირზე პოლიციამ დააკავა შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი.

მისი მეგობრებისთის უცნობია, სად არის ჯვარშეიშვილი გადაყვანილი.

ვიდეოში, რომელიც „ახალის” წევრმა, ნანა მალაშხიამ გადაიღო და ჯვარშეიშვილის დაკავებას ასახავს, ისმის ხმა: „მიშველეთ”.

„პუბლიკა” ცდილობს დეტალების შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გარკვევას.

ჯვარშეიშვილი ერთხელ უკვე დააკავეს – 1-2 დეკემბრის ღამეს და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ.

მან თქვა, რომ პოლიციელები გაუპატიურებითაც დაემუქრნენ.

პოლიციელების მხრიდან ცემის შედეგად გია ჯვარშეიშვილმა მიიღო ტვინის შერყევა, ნაღრძობი ჰქონდა ფეხი, მოტეხილი ჰქონდა ნეკნები. მას ასევე ჯიბიდან ამოუღეს მობილური ტელეფონი და საფულე, და წაართვეს ზურგჩანთა.

„აბსოლუტური სისასტიკით მცემეს, მაგინეს, მომიხსენიებდნენ ღირსების შემლახავად. ყველა შესაძლო ის მეთოდი გამოიყენეს, რაც შეეძლოთ, დროის მცირე მონაკვეთში გამოეყენებინათ, ნეკნები მაქვს მოტეხილი. გაუსაძლისი ტკივილი რახან მქონდა და ვერც დავჯექი, ამიტომ გაატანეს ჩემი თავი სასწრაფოს. მხოლოდ მანქანაში მცემდნენ, დაკავების შემდეგ. მანამდე ამბობდნენ, არ დაარტყათ, რომ არ გამოჩნდესო. მანამდე ჩუმად მირტყამდნენ კორიდორში.

ერთი ამბობდა, „ამან ისროლა მოლოტოვიო”, მოდიოდა სხვა და ის აგრძელებდა ცემას. მსგავსი რამ სხვაზეც გააკეთეს“, – ჰყვებოდა ჯვარშეიშვილი 3 დეკემბერს „ფორმულასთან“.

19 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯვარშეიშვილი პოლიციისთვის დაუმორჩილებლობაში გაამტყუნა, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.