რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა გამოიყენეს აალებადი საშუალებები - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა მხრიდან პროტესტის გამოხატვის ფორმებმა უკიდურესად ძალადობრივი ხასიათი მიიღო.

მათ ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ გამოიყენეს სხვადასხვა საგანი, მათ შორის
აალებადი საშუალებები.

„სამართალდამცველებთან ღია დაპირისპირება მოვლენების უკიდურეს ესკალაციას უწყობს ხელს. აქციის მიმდინარეობისას დაშავდნენ როგორც მონაწილეები, ასევე, სამართალდამცველები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვასა და საზოგადოების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება, კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, შეწყვიტონ ძალადობრივი ქმედებები, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს, “- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებს სპეცრაზმი არბევს. სპეცრაზმი რეზინის ტყვიებსა და ხელკეტებს იყენებს პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ. ასევე, გამოიყენეს წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი.

აქციის მონაწილეები არ იშლებიან და ისინი სპეცრაზმის მხრიდან ძალის გამოყენების შემდეგ ისევ ბრუნდებიან პარლამენტთან.