განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საბჭომ შპს შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის საჩივარი არ დააკმაყოფილა და სკოლისთვის ავტორიზაციის შეწყვეტა ძალაში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ ცენტრში დაუდასტურეს.
როგორც სკოლის დირექტორმა ნანა ყანჩაველმა „პუბლიკას“ უთხრა, საბჭოს გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი იყო.
„ჩვენ არ ველოდით ასეთ გადაწყვეტილებას და გვეგონა, რომ კეთილგონიერებას და საქმის მიმართ პროფესიონალიზმს გამოიჩენდა სააპელაციო საბჭო. თუმცა, სამწუხაროდ, უსამართლო განაჩენი იქნა გამოტანილი, ამას ვერ შევეგუებით, ჩვენს ადვოკატებთან ერთად ამჟამად განვიხილავთ სხვა შესაძლო ვარიანტებს, გზებს და ამის შესახებ ძალიან მალე იქნება ცნობილი. ამ წუთას დაბეჯითებით ვერაფერს გეტყვით გარდა იმისა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას უფრო მნიშვნელოვან ინსტანციებში, მათ შორის საზღვარგარეთაც“,- განაცხადა ნანა ყანჩაველმა.
შპს შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის აპელაციის საკითხზე სააპელაციო საბჭოს სხდომა დღეს გაიმართა.
სააპელაციო საბჭოს წევრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.
29 ივნისს სკოლა-ლიცეუმმა სააპელაციო საბჭოში სარჩელი შეიტანა და დაიწყო სამართლებრივი დავა სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის შეწყვეტის საპასუხოდ.
შპს „შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა – ლიცეუმს“ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2020 წლის 15 მაისის გადაწყვეტილლებით, ავტორიზაცია შეუჩერდა.
„ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული დაუსაბუთებელი და უსამართლო გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვნად შეილახა უშუალოდ სკოლის, სკოლის მოსწავლეთა, მასწავლებელთა და იქ დასაქმებულ სხვა პირთა კანონიერი უფლებები და ინტერესები. საგანმანათლებლო საქმინობის უფლება ჩამოერთვა სკოლას, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებდა 2007 წლიდან. შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმმა ბოლო ავტორიზაცია წარმატებით გაიარა 2017 წელს და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიენიჭა საგანმანათლებლო საქმინობის უფლება 2023 წლამდე. სკოლა-ლიცეუმში დასაქმებულია 70-მდე კვალიფიციური მასწავლებელ-პერსონალი და 227 მოსწავლე. სკოლა-ლიცეუმში ქართველებთან ერთად განათლებას ეუფლებიან საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები. სკოლა-ლიცეუმი დაარსების დღიდანდღემდე ხელს უწყობს სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას, იგი არის რეგიონის მასშტაბით ყველაზე ძლიერი და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა მქონე სკოლა, რომლის მოსწავლეები გამოირჩევიან ეროვნულ, რესპუბლიკურ თუ სხვადასხვა სახის გამოცდებსა და ოლიმპიადებში მიღწეული წარმატებებით.
ექსპერტების მიერ მონიტორინგის შედეგად მომზადებულ იქნა აბსოლუტურად მიკერძოებული და არაობიექტური დასკვნა, რომელიც არ ასახავდა რეალობას. მიუხედავად იმისა, რომ სკოლამ საბჭოს სხდომის გამართვამდე წარადგინა დასაბუთებული და მტკიცებულებებით გამყარებული პოზიცია ესპქერტების დასკვნასთან დაკავშირებით, ავტორიზაციის საბჭოს მიერ არ მომხდარა სკოლის პოზიციისა და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების განხილვა და გაზიარება. სხდომა ჩატარდა 2020 წლის 15 მაისს დისტანციურად, „|Zoom“-ის ონლაინ-პლატფორმის გამოყენებით, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე. 2020 წლის 01 ივნისს ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სხდომის ოქმის შინაარსიც ცხადყოფს, რომ სკოლის წარმომადგენლებს სხდომაზე ფაქტობრივად არ მიეცათ საკუთარი ინტერესების დაცვის საშუალება და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მხოლოდ წინასწარ დაწერილი ექსპერტთა დასკვნის საფუძველზე“,- აცხადებენ სკოლის ადმინისტრაციაში.
საბჭო რეპრესიულ მექანიზმს წარმოადგენს – NGO -ების განცხადება რუსთავში სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმებაზე
16 ივნისი, 2020
განათლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ზოგადსაგანამათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება რეპრესიულ მექანიზმად შეაფასეს.
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის ცენტრისა და საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის ერთობლივი განცხადებაში წერია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიზანი უნდა იყოს სასკოლო განათლების ხარისხის უზრუნველყოფა და განვითარება. ეს გადაწყვეტილება კი ვერ ჩაითვლება ხარისხის განვითარებად. ორგანიზაციების შეფასებით, საბჭო რეპრესიულ მექანიზმს წარმოადგენს, რომლის ამოქმედება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ ქალაქ რუსთავის „შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის“ ავტორიზაციის შეჩერება 2017 წლიდან დაწყებული პროცესის გაგრძელებაა, როცა ასევე საბჭოს გადაწყვეტილებით ავტორიზაცია გაუუქმდა შაჰინის სკოლა-ლიცეუმსა და დემირელის კოლეჯს, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭომ პირველკურსელთა მიღება შეუზღუდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს.