რუსთაველზე პოლიციამ მოქალაქეებს ფანჯრიდან გადმოფენილი ლგბტ დროშა ჩამოახსნევინა

პუბლიკა

რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა მოქალაქეებს ფანჯრიდან გადმოფენილი ცისარტყელას დროშა ჩამოახსნევინეს. პროცესის ამსახველი კადრები „TV პირველმა” გაავრცელა. ვიდეომასალიდან ჩანს, რომ კაფე „გალერისთან” ათამდე პოლიციელი მივიდა და ადმინისტრაციას დროშის ჩამოხსნა მოსთხოვა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ ჩამოახსნევინეს დროშა, ერთ-ერთი სამართალდამცავი პასუხობს, რომ „დაპირისპირებული მხარე არ მოვიდეს და ექსცესები თავიდან ავიცილოთ”.

პოლიციელი ამბობს, რომ ამის საფრთხე იყო. „გვაქვს ინფორმაციები”, –აღნიშნა მან და განაცხადა, რომ ვინმესთვის გამოხატვის თავისუფლება არ შეუზღუდავთ: „გამოხატეს, არავის არ აუკრძალავს. თავისი ნებით ჩამოხსნეს. შენობაში შევედით, ავუხსენით გარემოება, სიტუაცია და ჩამოხსნეს ჩვეულებრივად”, – უთხრა სამართალდამცველმა „TV პირველის” ჟურნალისტს.

დამატებითი დეტალების გასარკვევად „პუბლიკა” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.