„რუსთავი 2“ „თავისუფლების მონიტორზე“ გავრცელებულ ინფორმაციას ფაქტებით მანიპულირებად აფასებს

პუბლიკა

საგამოძიებო ფილმები, რომლებსაც „რადიო თავისუფლებისა“ და სტუდია „მონიტორის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში სტუდია „მონიტორის“ გამომძიებელი ჟურნალისტები ამზადებდნენ, „რუსთავი 2-ის“ ეთერში აღარ გავა.

ბოლო ფილმი, რომელიც „თავისუფლების მონიტორმა“ მოამზადა და მაუწყებელში გაგზავნა, ბიძინა ივანიშვილის ქონებასა და ბიზნესს ეხება, თუმცა გასულ შაბათს ფილმი ეთერში აღარ გავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „მედიაჩეკერი“ ავრცელებს. 

„რადიო თავისუფლებისა“ და სტუდია „მონიტორის“ ერთობლივი გადაცემა – „თავისუფლების მონიტორი“ „რუსთავი 2-ზე“ 2018 წლის 6 ოქტომბერს დაიწყო. 2018 წლის სექტემბერში გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, მაუწყებლის ეთერში ჯამში 24 ფილმი უნდა გასულიყო.

„რუსთავი 2“ „თავისუფლების მონიტორთან“ დაკავშირებულ ინფორმაციას განცხადებით პასუხობს. ტელეკომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ გავრცელებული ინფორმაცია და შეფასებები ფაქტებით მანიპულირებას ეფუძნება.

„რამდენიმე მედიასაშუალებასა და საჯარო სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რუსთავი 2-ის“ ეთერში „სტუდია მონიტორის“ პროექტი შეჩერდა კონკრეტული ფილმის შინაარსის გამო.

გავრცელებული ინფორმაცია და შეფასებები ეფუძნება ფაქტებით მანიპულირებას, ემსახურება „რუსთავი 2-ის“ რეპუტაციის დაზიანებას და წარმოადგენს იმ კამპანიის ნაწილს, რაც არხის წინააღმდეგ ხორციელდება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემდგომ.

გავრცელებულ ინფორმაციაში არასწორადაა მითითებული, რომ პროექტი შეჩერდა კონკრეტული ფილმის შინაარსის გამო, ეს არ შეესაბამება რეალობას. პროექტი დასრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით და მისი ყველა პირობა შესრულდა.

პროექტის ფარგლებში „რუსთავი 2-მა“ ეთერში გაუშვა კონტრაქტით გათვალისწინებული ყველა ფილმი, მიუხედავად მათი შინაარსისა. არხს ფილმები მიეწოდებოდა ერთი დღით ადრე და ყოველგვარი მონიტორინგის  ან სარედაქციო ჩარევის გარეშე თავსდებოდა ეთერში დაგეგმილ დროს. ამდენად, მითითება, თითქოს რაიმე კონკრეტული ფილმის გამო შეჩერდა პროექტი, მით უფრო, მაშინ, როდესაც კონტრაქტი დასრულებულია, არაკორექტულია.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ „რადიო თავისუფლებას“ ან „სტუდია მონიტორს“ „რუსთავი 2-ის“ მიმართ რაიმე პრეტენზია არ დაუფიქსირებია. ჩვენმა არხმა გამოთქვა “რადიო თავისუფლებასთან” სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობის მზაობა, რაც ეცნობა წერილობით ამერიკის გლობალური მედიის სააგენტოსაც.

რაც შეეხება საჯარო სივრცეში გავრცელებულ კომენტარებს, მიუღებელია ფაქტების მანიპულაციაზე დაფუძნებული დაუსაბუთებელი კრიტიკა და არხის რეპუტაციის შემლახავი მიზანმიმართული კამპანია იმ პირებისაგან, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში, როდესაც ტელევიზია კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მიერ კონტროლდებოდა, არ გამოხატავდნენ პროტესტს არხის სარედაქციო პოლიტიკაში უხეშ ჩარევაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.