გუშინ ჟურნალისტებმა და მოქალაქეებმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს და მოითხოვეს, მზია ამაღლობელის ადვოკატს შესაძლებლობა მიეცეს, გადაცემა „ღამის კურიერის“ ეთერში უპასუხოს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, „რომლითაც მან მზია ამაღლობელის მიმართ განზრახ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა და მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია“.
აქციაზე შეკრებილებმა ნინო შუბლაძეს მიმართეს:
„ის, რომ „კურიერში“ სადღაც, რომელიღაც გადაცემის ბოლოს მაია მწარიაშვილის კომენტარი გავა, რომელსაც თქვენებურად დაჩეხთ, არ არის თანაზომადი პასუხის გაცემის საშუალება იმაზე, რაც კობახიძემ გააკეთა მზია ამაღლობელის საწინააღმდეგოდ […].
არავინ აპირებს თქვენზე ზეწოლას, თითოეულ ჩვენგანს კარგად ესმის, რის უფლება და ვალდებულება აქვს მედიას, მათ შორის თქვენც, როგორც ავტორიზებულ პირს. ამიტომაც, დიახ, ვითხოვთ, რომ მზია ამაღლობელის ადვოკატი მოიწვიოთ პირდაპირ ეთერში, „ღამის კურიერში“ და ამავე დროით მისცეთ მას პასუხის გაცემის უფლება“.
„ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 16 აპრილს სამთავრობო ტელეარხ „რუსთავი 2-ის“ ეთერში თქვა:
„მზია ამაღლობელი მსხვერპლი არ არის. ის კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა და მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და ღირსების შეურაცხყოფა. საპატიმროებში მყოფთა დიდი ნაწილი კი პროპაგანდის მსხვერპლია”.
17 აპრილს ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა ირაკლი კობახიძეს მიმართა, რომ „თუ მან მზია ამაღლობელის საქმეზე იცის გამომძიებლებსა და პროკურორებზე მეტი, მიმართოს გამოძიების ორგანოს და მისცეს განმარტება, რა დავალებასა და შეკვეთაზე საუბრობდა ტელეეთერში”.
6 მაისს მზია ამაღლობელის მხარდამჭერმა ჟურნალისტებმა ეთერის დათმობის მოთხოვნით „რუსთავი 2-ს“ წერილობითაც მიმართეს, თუმცა, მათი განცხადებით, „პროფესიული და საკანონმდებლო ვალდებულებების მიუხედავად, არხის მხრიდან რეაგირება არ ყოფილა“.
25 ივნისის აქციის მიმდინარეობისას „ღამის კურიერის“ წამყვანმა, ნინო შუბლაძემ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ „რუსთავი 2-მა“ მაია მწარიაშვილს შესთავაზა ინტერვიუს ჩაწერა, თუმცა მისგან უარი მიიღო.
შუბლაძემ თქვა, რომ არხი მზადაა, მაია მწარიაშვილის პოზიცია მოისმინოს, თუმცა, მისი განცხადებით, გადაცემის ფორმატსა და სტუმრისთვის დათმობილ დროზე გადაწყვეტილებას იღებს კერძო ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და მისი თქმით, „მსგავსი მოთხოვნები ემსგავსება სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლის მცდელობას“.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, საწყისი განცხადების გაკეთებიდან 10 დღის ვადაში მოსთხოვოს შესაბამის მაუწყებელს, მისცეს მას შესაძლებლობა, თავად გააკეთოს იმ განცხადებაში მოყვანილი არასწორი (მცდარი) ფაქტის უარყოფა ან შესწორება მაუწყებლის ეთერში თანაზომიერი ფორმით, ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს, როცა საწყისი განცხადება გაკეთდა.
„ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
