„რუსთავის აზოტის“ თანამშრომლები ხელფასის მატებას მოითხოვენ და გაფიცვას აანონსებენ

პუბლიკა

„რუსთავის აზოტის“ თანამშრომლები ხელფასის მატებას მოითხოვენ და გაფიცვას აანონსებენ.

„რუსთავის აზოტის“ თანამშრომლები აცხადებენ, რომ ქარხნის ადმინისტრაციამ ხელფასის 4%-ით გაზრდა შესთავაზა, თუმცა მათ ანაზღაურების 300 ლარით გაზრდა სურთ.

„ქარხნის ადმინისტრაციასთან გვქონდა რამდენჯერმე შეხვედრა ანაზღაურების მატებასთან დაკავშირებით და ადმინისტრაციისგან ყოველთვის იყო ერთი და იგივე პასუხი – 4%.

გვეუბნებიან, რომ სახელმწიფომ გაგვითიშა გაზი და წავედით ზარალშიო. ეს გაზი გათიშული არის 10 დღეც არ იქნება. ამან იმდენად დაგვაზარალა, რომ ვერ მოგიმატებთ ანაზღაურებასო. ადამიანებს უმატებენ 38 ლარს. დასცინიან.

წეღან გვქონდა შეხვედრა ადმინისტრაციასთან და გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ჩვენ არც ერთ ვარიანტში არ მოვამატებთ 4%-ზე მეტს და თქვენ გინდათ გაიფიცეთ, თუ გინდათ, ქარხანა გაუშვითო“, – ამბობს TV პირველთან ქარხნის თანამშრომელი.

„არ შეიძლება, დღეს ადამიანს სთავაზობდე 4%-ით მომატებას, მით უმეტეს როდესაც თვითონ აქვთ 5000-6000-ები და აქ ხალხს 1000-1500 ლარზე ამუშავებენ“ – ამბობს ქარხნის კიდევ ერთი თანამშრომელი TV პირველთან.

„ხვალ დილიდან, დილის 07:00-დან ფართომასშტაბიან პროტესტს ვიწყებთ, სანამ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნა 300 ლარით ხელფასის მატების“, – განაცხადა მან.

„პუბლიკა“ კომპანიასთან დაკავშირებას ცდილობს და მათგან პოზიციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.