რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც უკვე მე-27 დღეა შიმშილობს, უკრაინის სახალხო დამცველი შევიდა. გამოსვლის შემდეგ ომბუდსმენმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
“ჩვენ გვქონდა საშუალება მოგვენახულებინა უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი. მინდა გავეცნო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას იმიტომ, რომ დღეს მისი შიმშილობის 27-ე დღეა. მინდა გავეცნო და დავრწმუნდე, რამდენად აღმოუჩენენ დახმარებას ციხის საავადმყოფოში. თუ ეს საავადმყოფო არ აკმაყოფილებს იმ ნორმებს, რომელიც პრეზიდენტისთვისაა საჭირო, მზად ვარ შევხვდე მის პირად ექიმს. ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანია, გავარკვიო რამდენადაა დაცული მისი უფლებები აქ”, – თქვა ლუდმილა დენისოვამ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. საქართველოში დაპატიმრების შემდეგ მის მოსანახულებლად არაერთხელ შევიდა ლიზა იასკო. ის რადას დეპუტატია.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. ის უკვე 27-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შეიქმნა სამედიცინო კონსილიუმი, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა დარგის სპეციალისტი ექიმებით.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა კონსილიუმის რეკომენდაცია სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით. კონსილიუმი წერს, რომ მისი გადაყვანა საჭიროა c ტიპის დაწესებულებაში. სახალხო დამცველის თქმით, კონსილიუმის წევრთა მოთხოვნებს ციხის საავადმყოფო, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილის გადასაყვანად სთავაზობს, ვერ აკმაყოფილებს.
იუსტიციის სამინისიტრო კი, ამბობს, რომ ციხის საავადმყოფო მზადაა მიიღოს მოშიმშილე პატიმარი და მართოს მისი მდგომარეობა. მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს ამბობს. ადვოკატების განცხადებით, მიზეზი მესამე პრეზიდენტის უსაფრთხოებაა და ასევე ის, რომ აღნიშნულ საავადმყოფოს არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა სათანადოდ მართოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მიხეილ სააკაშვილის საქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით არაერთი განცხადება გავრცელდა როგორც არასამთავრობო, ისე პოლიტიკური პარტიების მიერ.
სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების გამო; აგრეთვე – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი – 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვისთვის.